25-10-2024
ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გიგინეიშვილი, ლევან გიგინეიშვილი, ირაკლი იაშვილი, ზაზა ნიშნიანიძე და ირაკლი რუხაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ:
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს
მის აღმატებულებას, ბატონ ჯოზეფ ბაიდენს
ბატონო პრეზიდენტო!
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი!
ჩვენ ვართ ქართველები, რომელთაც მხურვალედ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და, ამასთანავე, იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დავრჩებით თავისუფალ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ერად და გავაგრძელებთ წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ვართ მოქალაქეები იმ ქვეყნისა, რომელმაც იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი.
საქართველო, რომელიც მდებარეობს მეტად რთულ და ქარტეხილებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში, გადარჩა და კვლავაც აგრძელებს სიცოცხლეს. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ეპაექრებოდნენ დიდი იმპერიები: საბერძნეთი, რომი, სპარსეთი, არაბეთი, მონღოლეთი, ოსმალეთი, ირანი და რუსეთი, რომლებიც ასწლეულების და ათასწლეულების მანძილზე იბრძოდნენ მის სამართავად. საქართველო ბევრჯერ აღმდგარა ფერფლიდან, რომ შემდეგ კვლავ გამხდარიყო მომდევნო დიდ ძალასთან ბრძოლის ასპარეზი.
მოგეხსენებათ, რომ სამოცდაათი წლის განმავლობაში ვიყავით თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი კომუნისტური ქვეყნის - საბჭოთა კავშირის ნაწილი. მიუხედავად ამისა, შევძელით შეგვენარჩუნებინა ენა, სარწმუნოება და ეროვნულ-კულტურული იდენტობა. იდენტობა, რომელიც გამოხატულია ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებში, პატრიოტიზმის განცდაში, ენაში და ცხოვრების წესში, თუმცა, ამავე დროს, ის არათუ გვაბრუნებს წარსულისკენ, არამედ ღიაა თანამედროვეობისა და სიახლეების მისაღებად.
ჩვენი ვართ ერი, რომელიც 17 საუკუნის განმავლობაში მტკიცედ იცავს ქრისტიანულ სარწმუნოებას. ჩვენი ისტორიის ყველაზე საბედისწერო მომენტებში სწორედ სარწმუნოება იყო გადამწყვეტი გადარჩენისათვის ბრძოლაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ტრადიციულად მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. აქ ერთმანეთის სიახლოვეს ნახავთ სხვადასხვა სალოცავს: მეჩეთს, სინაგოგას, ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ გრეგორიანულ ეკლესიებს. ქართველები ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის ტრადიციით და გვსურს ჩვენს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 33 წლის წინ, საქართველომ დაიწყო საკუთარი ბედის თავად განსაზღვრა, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. მართალია, ვიწრო და ეკლიანი გზის გავლა გვიწევს, მაგრამ უმრავლესობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩვენი, როგორც ერის, ისტორიული მომავალი დაკავშირებულია ევროპასთან და დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან.
ბოლო 12 წლის განმავლობაში, შევძელით გვყოლოდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რომელმაც, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით შეინარჩუნა მშვიდობა. სწორედ ამ მშვიდობამ და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დაფუძნებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ შეგვაძლებინა მიგვეღწია საგრძნობი ეკონომიკური ზრდისთვის და დაგვეჭირა მოწინავე პოზიციები დასავლური სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში - თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანური განვითარების, კორუფციის და სხვა დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური მდგომარეობის და ბევრი სხვა მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული დასავლური სარეიტინგო სააგენტოები ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე მაღლა აყენებს, ხოლო ყოფილ დსთ-ს ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციას ანიჭებს.
დამოუკიდებლობის მიღების პირველივე დღეებიდანვე შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული მიღწევები ამერიკის და ევროპის ქვეყნების მდგრადი და უწყვეტი დახმარების გარეშე. ამ მხარდაჭერას ჩვენ ვაფასებთ და დიდ მადლიერებას გამოვხატავთ.
მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში ხელი მოეწერა ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და გავხდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარების შემდგომ, მუდმივად გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, როგორც გაეროს, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორუმებზე, სადაც კი დასწრების საშუალება გვეძლევა. ომის დაწყებიდან დღემდე არ წყდება საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხისადმი ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი. ამავე დროს, ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი იღონა, რომ არ ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მხოლოდ სელექტიური მონაწილეობა მიიღო, რათა დაეცვა საკუთარი ეკონომიკა.
მოქმედმა ხელისუფლებამ ყოველივე ამას მიაღწია ისე, რომ დარჩა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სიტყვის გამოხატვის, პრესის უპრეცედენტო თავისუფლების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ერთგული. ამ ნიშნით ის მკვეთრად განსხვავდება წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელიც ამჟამად მთავარი ოპოზიციური პარტიაა და რომელმაც, თავისი მმართველობის დროს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელა, მოსახლეობის თითქმის 10%(!) დააპატიმრა და დამოუკიდებელი მედიაკომპანიები დახურა.
სწორედ ამიტომ, მეტად იმედგამაცრუებელი და საკვირველია, როდესაც ვხედავთ აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ქართული ოპოზიციის ღია პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ამერიკის სენატის, კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის დეკლარაციები, ასევე ევროკავშირის რეზოლუციები, ერთხმად ადანაშაულებენ მმართველ პარტიას დემოკრატიული ფასეულობების მიტოვებასა და დასავლური კურსიდან გადახვევაში. ისმის სხვადასხვა შინაარსის მუქარები, როგორიცაა ქვეყნისა და მისი მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება და ევროპაში უვიზო რეჟიმის შეჩერება. გარდა ამისა, ფონდები, რომლებიც გამოყოფილი იყო საქართველოს განვითარებისათვის, გადამისამართდა ოპოზიციურ პარტიებზე, მათ მედიასაშუალებებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად იმართებიან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ და ქვეყნის რეალური მდგომარეობის შესახებ მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურად ძლიერდება დასავლური რიტორიკა ეკლესიისა და ჩვენი ცხოვრების წესის წინააღმდეგ, რაც საგონებელში გვაგდებს, თუ რა დავაშავეთ ასეთი.
აკრიტიკებს რა არსებულ მთავრობას, დასავლეთი მიუთითებს „გამჭვირვალობის კანონზე“, რომელსაც „რუსულ კანონად” მოიხსენიებს. ოპოზიციური მედიასაშუალებები და დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ კანონის ძალაში შესვლისთანავე ისინი დაიხურებოდნენ და საპარლამენტო არჩევნები ალტერნატიული ხმის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის გარეშე გაიმართებოდა. შესაძლოა, საკამათო იყოს, თუ რამდენად აუცილებელი იყო ამ კანონის მიღება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კანონი უკვე რამდენიმე თვეა ამოქმედდა და არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება ამ კანონის სამიზნედ არ ქცეულა, ანუ მოვლენები ყველანაირი პროგნოზისა და წინასწარგამოთქმული განგაშის საპირისპიროდ განვითარდა.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით: საქართველოს შეფასებისას დაეყრდნოთ რეალურ მიღწევებს და არ ენდოთ მხოლოდ იმ პროგნოზებს, რომელსაც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური მედიასაშუალებები ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომავალში საქართველოს მთავრობის ინიციატივებს.
ქართველები ძლიერ ვაფასებთ მეგობრობას, რომელიც გამოცდილია საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობით და გაღებული მსხვერპლით. მეგობრობას და პარტნიორობას კი მუდმივი გაფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს, რათა არჩევნები გარედან მომართული მუქარებისა და ჩარევების გარეშე ჩატარდეს და მოგვეცეს საშუალება, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავად გადავწყვიტოთ საკუთარი ბედი. ჩვენი ბედი და მისწრაფება კი საქართველოს ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციაა“.
პატივისცემით,
ლევან გაჩეჩილაძე
გიორგი გიგინეიშვილი
ლევან გიგინეიშვილი
ირაკლი იაშვილი
ზაზა ნიშნიანიძე
ირაკლი რუხაძე
წერილის ინგლისური ვერსია იხილეთ ამ ბმულზე