გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს არჩევნებს, ჩვენ ველოდებით მილიონზე ბევრად მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი

26-10-2024

ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 27-ე საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი დააფიქსირა.


კითხვაზე, თუ რატომ საუბრობს ოპოზიცია ხელისუფლების გადაბარებაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ჩვეულებრივი პიარული ტრიუკი.


„მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, როგორია რეიტინგები. ჩვენ არასდროს არ ვცდებით ხოლმე, როდესაც ვსაუბრობთ, არასდროს არ ვატყუებთ ხალხს. თქვენ გახსოვთ რამდენჯერ მოატყუეს, 8-ჯერ მოატყუეს უკვე ქართველი ხალხი და 8-ჯერ მოიგო დამაჯერებლად არჩევნები „ქართულმა ოცნებამ". მათ არ აქვთ არავითარი სინდისი და ნამუსი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ჩახედონ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს მას შემდეგ, რაც 8-ჯერ მოატყუეს. მათ 8-ჯერ უთხრეს ტყუილი საკუთარ მხარდამჭერებს, მათ შორის, რომ იგებდნენ არჩევნებს, თუმცა შემდეგ საერთოდ არ რცხვენოდათ ხოლმე, როდესაც დამაჯერებლად აგებდნენ არჩევნებს. ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს.


კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ველოდებით მილიონზე ბევრად მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი. ამ მაჩვენებელს აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად შევუნარჩუნოთ მშვიდობა, მეორე მიზეზი არის ის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, შესაბამისად, შევამცირეთ უმუშევრობა, სიღარიბე ამ ქვეყანაში, გაიზარდა საშუალო ხელფასი, 2 000 ლარს გადააჭარბა უკვე საშუალო ხელფასმა, როცა ჩვენ დაგვხვდა 712 ლარი საშუალო ხელფასი. ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა წინსვლა. 2012 წლის მონაცემები გითხარით და რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ბოლო 4 წლის მონაცემები გითხარით.


წინა ხელისუფლებამ უბედურება დაგვიტოვა მემკვიდრეობით, როცა ამაყობდნენ იმით, რომ ვითომ იყო კარგი ეკონომიკური სიტუაცია ამ ქვეყანაში. ამ 4-წლიანზეც გითხარით, 50 მილიარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წლის წინ და ამ წლის ბოლოს ხდება უკვე 90 მილიარდი ლარი და ჩვენი დაპირებაა 130 მილიარდი ლარი 4 წლის თავზე. ეს მოხდება აუცილებლად ჩვენი პროგრამის საფუძველზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930