19-10-2018
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უვადო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე, იგივე „შალალო“ პროკურატურას სხვადასხვა გახმაურებული საქმის რეალურ დამნაშავეებს უსახელებს.
იურისტმა ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსკლუზიურად განაცხადა.
ხაჭაპურიძე ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერებს აანონსებს:
„დღეს მომივიდა ასეთი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ცნობილი დეპუტატის დაყაჩაღების, ერთი პოლიციელის მკვლელობის და ა.შ. საქმეებზე ერთ-ერთმა პატიმარმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და გახსნა ეს საქმეები. მოქმედ დეპუტატებზე, მოქმედ პოლიტიკოსებზეა საუბარი და ამ დღეებში გახმაურდება. ახლა ამის გაჟღერება და ხალხის ფსიქიკის დაძაბვა ზედმეტი იქნება.
ეს არის რამდენიმე წლის წინანდელი – 2001-დან დაწყებული, 2006, 2007 წლის ჩათვლით მომხდარი საქმეები, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელის, პატრულის თანამშრომლის მკვლელობის საქმეა, რის გამოც, სასჯელი მოიხადა ერთმა პირმა, მაგრამ ეს პოლიციელი სხვამ მოკლა, რომელიც გარეთ არის. გვარებს ჯერ ვერ გავაჟღერებ მარტივი მიზეზის გამო – 2 კვირის განმავლობაში მზადდებოდა ეს დოკუმენტი და იმედია, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის.
საკმაოდ სერიოზულ დანაშაულებებზეა საუბარი, მათ შორის, უცხოელების გატაცებაზე, თავდასხმაზე, რის გამოც საქართველო სერიოზულ დიპლომატიურ კონფლიქტებში იყო“, – ამბობს ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, შალვა აბულაძე ამ საქმეების გახსნის სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
„ამ პატიმარს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ითხოვს საპროცესო შეთანხმებას. ეს ჩვეულებრივი ამერიკული მოდელია. ნეტავ, მხოლოდ ამაზე იყენებდნენ საპროცესო შეთანხმებებს და არა – გაუკუღმართებული ფორმებით. ეს პატიმარი მეორე წელია, სასჯელს იხდის და მისი საქმე განხილვის სტადიაშია.
ვიმეორებ, საკმაოდ გახმაურებულ საქმეებზეა საუბარი. ის ასახელებს დამნაშავეებს, ნივთებს, გატაცებულებს და ა.შ. ძალიან ბევრი ცნობილი სახე შეიძლება ვიხილოთ, მათ შორის „ნაკოლშიკებად“ ასახელებს მოქმედ პოლიტიკოსებს. ეს პოლიტიკოსები მმართველი გუნდის წევრებიც არიან და ოპოზიციის წევრებიც. გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები, მმართველ გუნდში არავინ არ არის.
საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. ამ ინფორმაციაზე მუშაობა 2 კვირაა მიმდინარეობს და კიდევ შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს ინფორმაციის გადამუშავებას. არის დეტალები, რომლებზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს. ბევრი ისეთი დამნაშავის გვარია დასახელებული, რომლებიც გარეთ დადიან, ზოგი ბიზნესშია, ზოგი პოლიტიკაში და რაღაც საქმიანობებს ეწევიან; ზოგი კრიმინალურ საქმიანობას ეწევა. ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის პირად დაცვაში მუშაობს. ამიტომ გამოძიებას ვურჩევ კარგად დაინტერესდეს და განცხადება კარგად წაიკითხოს.
საუბარია შალვა აბულაძეზე – „შალალოზე“, რომელიც 4 პოლიციელის მკვლელობასა და 8 პოლიციელის მკვლელობის მცდელობაზეა, ნომერ პირველი დამნაშავეა საქართველოში. დიდი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანია. აქვს ეს ინფორმაციები და ასახელებს. მან წერილი გამომიგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი მოთმინების ფიალა ივსება. შესაძლებელია, პირდაპირ ეთერებში ტელევიზიებსაც ჩაერთოს და არც არაფერს დამალავს, ყველაფერს იტყვის“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
16-11-2024
16-11-2024