გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკო: დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას

28-10-2024

„დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო“ –ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.


მათივე თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია.


„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. დაინტერესებული მხარეების მიერ გამოქვეყნებული რიცხვები არ ემთხვევა რეალურად ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს.


ნათელია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად. რეალურად არჩევნების პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყო რომ დაინტერესებული მხარეები პროცესის დისკრედიტაციას არარეალური ფაქტებით ცდილობენ.


ამომრჩეველთა ერთიანი სია, მათ შორის ოლქების მიხედვით, საჯაროა ახლაც და საჯარო იყო ყველა ჩართული მხარისთვის არჩევნებამდეც.


საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვეს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საარჩევნო სუბიექტები და დამკვირვებელი ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის იმ მონაცემებით, რომლითაც ჩატარდა არჩევნები.


ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და არ მივცემთ დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩევლები“ –აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930