4-11-2024
4 წლის წინ, 3 ნოემბერს შედგა ოპოზიციის შეკრება „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა პარლამენტში, ახლა ეს უკვე როგორც ფარსად, ისე მეორდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ფარსს უკვე ყველა კარგად ხვდება.
„ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები სერიალის უკვე მესამე სერიას გვაყურებინებენ ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ როგორც ფარსი. ტრაგედიად ე.წ. გაყალბებული არჩევნების ისტორია გამეორდა ზუსტად ოთხი წლის წინ.
სხვათა შორის, გუშინ იყო 3 ნოემბერი, 4 წლის წინ, 2020 წლის 3 ნოემბერს შედგა ის ისტორიული ოპოზიციის შეკრება „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში და შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა პარლამენტში. ახლა ეს უკვე როგორც ფარსად ისე მეორდება, იგივე მსახიობები, დამდგმელი რეჟისორები, მაგრამ, ჰგონიათ, რომ მაყურებელიც იგივეა. ამ ფარსს უკვე ყველა კარგად ხვდება და ამას აკვირდება ეს ხალხიც“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.