23-10-2018
შვეიცარიული გამოცემის, «Tages-Anzeiger»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მიღების განაცხადების რაოდენობის ზრდას, რაც ქვეყნის ხელისუფლებას პრევენციული ზომების მიღებას აიძულებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რაფაელა ბირერის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან მიმოხილვას:
„საქართველო - თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო. სწორედ ასეთი სახით წარსდგა კავკასიური ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე. გამოფენის საპატიო სტუმარი განთქმულია თავისი კულტურული მრავალფეროვნებით, ტურიზმით და სწრაფად განვითარებადი დემოკრატიით. საქართველო დასავლეთს ეკონომიკური თვალსაზრისითაც უახლოვდება: 2016 წელს ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, მიმდინარე წლიდან კი საქართველო თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციაშიც (ЕАСТ), რომლის წევრი შვეიცარიაც არის. ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებითაც საქართველოს სურს დაადასტუროს, რომ ის ევროპის ზღურბლზე იმყოფება“, - აღნიშნულია სტატიაში.
მაგრამ, როგორც ავტორი წერს, „ქვეყნის ამგვარ ევროპულ სახეს თავშესაფრის მიღების მსურველთა სტატისტიკა აფუჭებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეთა განაცხადებმა მკვეთრად იმატა: 2018 წლის მხოლოდ იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 672 მსურველი დაფიქსირდა, 2017 წელს 670 მსურველი იყო, რაც 44%-ით მეტია 2016 წელთნ შედარებით. ანუ ქვეყნების მიხედვით, თავშესაფრის მსურველთა პირველ ოთხეულში საქართველოს წინ მხოლოდ ერიტრეა, სირია და ავღანეთია. ზოგიერთი კრიტერიუმის გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში ქართველებს უკვე პირველ ადგილიც შეიძლება მივაკუთვნოთ“-განაგრძობს ავტორი.
„შვეიცარიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები ადრე სხვა ქვეყანაში ნამყოფი არ არიან. რით შეიძლება ეს ფაქტი აიხსნას? შვეიცარიის ხელისუფლებისათვის სავსებით ნათელია: თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობის ზრდა ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება“, - ხაზგასმულია სტატიაში. ავტორი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების განაცხადების განხილვა მოკლე ვადებში ხდება და მათი აბსოლუტური უმეტესობა უარის ვერდიქტით მთავრდება. შემდეგ კი სპეციალური ავიარეისებით საქართველოში მათი რეპატრიაცია ხორციელდება. ამ საკითხებზე შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენელი მარიო გატიკერი ბერნში საქართველოს ელჩსაც შეხვდა, ხოლო სამდივნოს ვიცე-დირექტორმა ვინჩენცო მასკიოლმა სიტუაცია პარლამენტის სპიკერს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გააცნო. პრობლემა ცნობილი გახდა ევროკომისიისთვისაც.
თავის მხრივ საქართველოც იღებს ზომებს მიგრანტთა შემცირების მიზნით, ქვეყანაში მიმნდინარეობს კამპანია, რომლის თანახმად, შენგენის ზონაში წამსვლელებს განუმარტავენ, რომ თავშეფრის მიღების პერსპექტივა არ არსებობს. საქართველოს პარლამენტმა კანონებში ცვლილებებიც შეიტანა“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ციტირებულია შვეიცარიელი ჩინოვნიკების - ბარბარა შტეინემანისა და თომას მატერის განცხადებები, რომელთა მიხედვით, „საქართველოდან შვეიცარიაში არა მხოლოდ ეკონომიკური მიგრანტები ჩამოდიან, არამეედ ბევრი კრიმინალებიც, რომლებიც იოლად სარგებლობენ უვიზო რეჟიმით“.
სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს, პოლიციის მონაცემემებით, სისხლის სამართლის დანაშაული 435-მა ქართველმა ჩაიდინა, 2017 წელს - 631-მა, ანუ რაოდენობა 45%-ით გაიზარდა. ჩადენილ დანაშაულებათა 2/3 ქონებრივ სფეროს მიეკუთნება: „ბინების ძარცვს დროს პოლიცია სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქეს აკავებს“, - ითქვა კანტონების პოლიციის წარმომადგენელთა კონფერენციაზეც. შვეიცარიის ბუნდესრატს (ფედერალურ მთავრობას) უკვე აქვს იმის საფუძველი, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვოს“, - ხაზგასმულია სტატიაში.