27-11-2024
„დღეისთვის საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საგარეო სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმს და საბაჟო პროცედურებს, ასევე, დაბალ საიმპორტო ტარიფებს გულისხმობს. 2023 წელს 2019 წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 60%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრობის კანდიდატმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა გასულ წლებში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან და ჩინეთთან.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხელმისაწვდომობას და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. მისი თქმით, მოლაპარაკებები დასრულებულია და 2025 წელს ხელი მოეწერება სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ასევე გაგრძელდება მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა ინდოეთი, ისრაელი, ყურის არაბული სახელმწიფოები, სერბეთი და სხვა.