23-10-2018
ყველა ხალხსა და ქვეყანაში სისხლის აღება შურისძიების ერთ-ერთი სახეობა იყო. სისხლის აღების ადათი საქართველოში სვანეთსა და ხევსურეთში იყო გავრცელებული. ”ხევსურული რჯულით” სისხლის აუღებლობა თემში უდიდესი სირცხვილი იყო და მოკლულის სულიც, მათი წარმოდგენით, საიქიოში იტანჯებოდა. ამიტომ ხევსურეთში თავისი ძმათაშვილის სისხლს არავინ შეირჩენდა, სანამ მოსისხლეთა გვარი არ ამოწყდებოდა.
სისხლის აღების ტრადიციას უძველეს დროში ხევსურეთში არათუ გვარი, ანდრეზის (სამაგალითოდ შემონახული ამბავი) მიხედვით სოფელიც გადაჰყოლია. საოცარი ისტორიები უკავშირდება სისხლის აღების ტრადიციას სვანეთშიც.
ამირან არაბული - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი:
"არხოტის ხეობაში ადრე რამდენიმე სოფელი იყო: ორბეულთა, კვირიწმინდა, კალოთანა, თათხელი... დღეს ეს სოფლები აღარ არის, ახლა სამი სოფელია: ამღა, ჭიმღა და ახიელა...
სოფელი თათხელი ახიელას და ამღებს შორის მდებარეობდა. ამ სოფელს ორი ანდრეზი უკავშირდება: ერთის მიხედვით თათხელში ერთი კაცი იყო - თათხელიონი ძალიან გათავხედებული და გაამპარტავნებული. ეს კაცი გზაზე არავის უშვებდა, თუ ვინმე მოდიოდა ახიელადან ან ამღადან, ბაჟს ახდევინებდა... ბაჟი იმ დროში ყველი, ერბო და მსგავსი ნატურალური პროდუქტი იქნებოდა. ვინაიდან თათხელიონს ხალხი ძალიან შეწუხებული ჰყავდა, ერთხელაც დაიმარტოხელეს, მთელი სოფელი დაეცა და შური იძიეს მასზე.
მეორე ლეგენდის მიხედვით, სოფელი იყო თათხელი, სადაც ბევრი მოსახლე არ იქნებოდა, მაგრამ თავზეხელაღებულები და ძალიან გათამამებულები იყვნენ. არავინ ეგონათ მათი მომრევი თუ იყო, ცას და ღრუბლებს ეომებაო, რომ იტყვიან, ეგეთები იყვნენ... მათი თავკერძობა და თავხედობა ვეღარ აიტანეს გვერდითა სოფლებმა და მთლიანად ამოჟუჟეს, ქალები და ბავშვებიც ამოწყვიტეს. ისინი კი იმიტომ მოკლეს გვარის გამგრძელებელი რომ არ დარჩენოდათ ამ დესპოტებს და მჩაგვრელებს... მას შემდეგ ამ სოფლის ადგილზე ნასოფლარია. დღეს ადამიანების ნასახლარის ნიშანწყალიც აღარ არის.
- ვინ იყვნენ შურისმაძიებლები?
- ალბათ არხოტელები... იქ ბევრი გვარი ცხოვრობდა: წიკლაურები, ოჩიაურები, თეთრაულები, ნაროზაულები, გიგაურები... კარგი ხალხური ლექსია ამ ამბავთან დაკავშირებით შემორჩენილი. ლექსში დიდაქტიკაც არის, შეგონებაც, ყველამ რომ უნდა გაითავისოს ეს სიტყვები:
"მე სოფლის თავსა ვესახლე და არ სოფელი ჩემს თავსა/ სოფელი კარგად მთავსობდა, თუ მე სოფელი მეთავსა/ რასაც სოფლისთვინ ვფიქრობდი, წინწინ მოვიდა ჩემს თავსა..." - გენიალური სიტყვებია, თუ როგორ უნდა იქცეოდეს რიგითი მოსახლე სოფელთან მიმართებაში.
გიორგი გიგაური - ეთნოლოგი, მკვლევარი:
"სხვადასხვა დროში ხევსურეთში სისხლის აღების ტრადიციამ სხვადასხვა პიროვნებები შეიწირა, მაგრამ მთელი გვარის გაქრობა სისხლის აღებით არ მომხდარა... ჩვენთან რჯული აწესრიგებდა სისხლის აღებას და იმით ასწორებდა დანაშაულს! სვანეთისგან განსხვავებით, ხევსურული რჯული სისხლის აღებას არ ითვალისწინებდა. რჯული წეს-რიტუალებით აგვარებდა დანაშაულს. მთელი ინსტიტუტია რჯულში განზრახ თუ შემთხვევითი და სხვა... მაგალითად მოწმეობის "მზევალის" წესები და სხვა. "მზევალი" მოწმეს დამამოწმებელია და შეიძლება რამდენიმე "მზევალი" აიყვანოს კაცმა, თუ სიმართლეს ვერ ამტკიცებს...
ერეკლე საღლიანი - მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, მსახიობი:
- სისხლის აღების ტრადიცია საშინელება იყო იმ მხრივ, რომ მკვლელის ბიძაშვილებზე და ახლობლებზე ხდებოდა შურისძიება... თუმცა ამასაც თავის წესი ჰქონდა. თუ მკვლელი დატოვებდა იქაურობას, აიყრებოდა და სხვაგან გადასახლდებოდა, მაშინ დაპირისპირებული მხარეები რიგდებოდნენ. თვალში არ უნდა შეჩხეროდათ დამნაშავე და არ გაეღიზიანებინა, მაგრამ დამნაშავე ვინც არ უნდა ყოფილიყო, იქაურობის დატოვებას სიკვდილი ერჩივნა...
დამნაშავე თუ არ მიდიოდა, დაზარალებული მხარე აღარავის ზოგავდა... "შენ მე მაიძულებ იარაღი ავიღო? მაშინ არავის დაგზოგავთ" - ასეთი მიდგომა იყო. დამნაშავის ბიძაშვილები და ახლობლები გამოდიოდნენ როგორც მკვლელის თანამზრახველები. მეორეც: მკვლელის ისევ იქ ცხოვრებას, დაზარალებული როგორც დაცინვას, მასხრად აგდებად აღიქვამდა! თუ საცხოვრებელს დატოვებდა, მშვიდობა მყარდებოდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სვანურ სამართალში! შენ თუ დანაშაულს ჩაიდენდი, აღარ უნდა მიგეყვანა დაზარალებული იმ დონემდე, რომ სისხლი აეღო! ღირსეულად უნდა მოქცეულიყავი!
- რომელ საუკუნემდე გრძელდებოდა სისხლის აღების ტრადიცია?
- სისხლის აღების ტრადიცია ოდითგანვე იყო... მაგალითად, XVI - XVII საუკუნეში სოფელ ლატალში, მთლიანად ამოწყვიტეს ჩარკვიანების გვარი. ერთი ბავშვი თურმე შემთხვევით იყო დედულეთში, ის გადარჩა და შემდეგ იქედან მოშენდა ჩარკვიანების გვარი.
საშინელი დანაშაული მოხდა: ჩარკვიანის კაცს ახალგაზრდა გოგო მოეწონა, მიეჭრა თურმე კალოზე, იშიშვლა ხმალი და ქალი შუაზე გაჭრა... რა თქმა უნდა, საშინელი დანაშაული იყო და დამნაშავე უმკაცრესად უნდა დასჯილიყო! ამ სოფელში საოცრად მორწმუნე ხალხი იყო... კომუნისტების პერიოდში ყველგან აკრძალული იყო რელიგიური დღესასწაულები და იქ აღნიშნავდნენ. მათ სინანული ჰქონდათ, ახლაც დიდი აღტაცება არ აქვთ ამ ამბავზე, რაც ჩარკვიანების გვარის მიმართ მოხდა... გაგულისებული ხალხის ცხელ გულზე ჩადენილი ანგარიშსწორება იყო.
კარგი გოგო თუ იყო სოფელში, ის მთელი სოფლის სახე იყო. სოფელი უფრთხილდებოდა, არავის რომ არაფერი ეკადრებინა, მთელი სოფელი იყო მისი დამცველი! ჩარკვიანების გვარი ძალიან ძლიერი იყო სოფელში და მის წარმომადგენელს პირიქით იქეთ უნდა ჰქონოდა მცდელობა ამ გოგოს ღირსება დაეცვა! ამ დროს უპატიებელი რამ ჩაიდინა! დამაინტერესა, ქალი რა გვარის იყო და სვანეთში რომ ვიკითხე, ვერავინ მიპასუხა...
სისხლის აღებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საოცარ ამბავს გიამბობთ: კაცს სვანეთში ძმა მოუკლეს (ზუსტად არ მახსოვს ბეჩო იყო თუ ეწერი) და ეს კაცი სისხლის ასაღებად წავიდა. ამინდი განგებ შეარჩია ისეთი, ძლიერი თოვა რომ იყო და მუშტისოდენა ფანტელები ცვიოდა - დღეს ვინ იფიქრებს კაცი, რომ კარში გავაო... ძმის მკვლელის სახლთან ცოტა მოშორებით გაჩერდა, როგორც კი სახლიდან გამოვიდოდა, მაშინვე რომ მოეკლა. ამ დროს წამოვიდა ზვავი და მთელი სოფელი წალეკა. მივიდა ეს კაცი და ზვავში მოყოლილი ხალხის ამოთხრა დაიწყო. ცოცხალი მხოლოდ ის აღმოჩნდა, ვის მოსაკლავადაც იყო წასული...
ყველაზე მოულოდნელი ამ კაცის სიტყვები იყო დამნაშავის მიმართ: "მე რომ შენ მოგკლა, მთელი სოფელი უნდა მოკვდესო..." ცოცხალი დატოვა დამნაშავე, სოფელი რომ არ მომკვდარიყო... აი რამხელა რამეა ამ სიტყვებში! სოფელი არ გადააშენა... ამ დამნაშავემ ოჯახი შექმნა, გამრავლდა და მერე ბერად აღიკვეცა... ესეც ერთ-ერთი გზა იყო დამნაშავისთვის: თუ შენ არ გინდოდა მტრობა გაგრძელებულიყო და არაფრით გინდოდა იქაურობის დატოვება, ბერად უნდა წასულიყავი.
სოსო ჯაჭვლიანმა ფილმი "სვანი" რომ გადაიღო, იქ არის სცენა, სადაც ტყეში ხდება დაფიცება... ერთმა მითხრა, როდის იყო სვანი ტყეში იფიცებდა, ყოველთვის ეკლესიასთან მიდიოდაო... ზუსტად ეს აჩვენა რეჟისორმა, რომ წესები შერყვნილია და შელახული. იმასაც კი აკეთებენ, რომ ტყეში ხატი გააქვთ და იქ ხდება დაფიცება! აღარ არის ის წმინდა წესები ადრინდელი სახით!
16-11-2024
16-11-2024