28-11-2024
სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ, პირველ რიგში, ნიშნავს ქართული სოფლის გაძლიერებას, ამ მიმართულებით, გასული წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე სახელმწიფოს თანამონაწილეობით.
„სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ, პირველ რიგში, ნიშნავს ქართული სოფლის გაძლიერებას. ამ მიმართულებით, გასული წლების განმავლობაში, გვქონდა ძალიან სერიოზული პროგრესი. მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი მოხდა, სწორედ, სახელმწიფოს თანამონაწილეობის წყალობით. 47 000-ზე მეტი უშუალო ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროექტებს სოფლის მეურნეობის სფეროში. შემდეგი 4 წლის განმავლობაში, კონკრეტულად ამ მიმართულებით, გამოიყოფა 800 მლნ ლარი. ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტების პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 400-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო, შემნახველი ობიექტი. ამ კუთხით იყო ძალიან მძიმე პრობლემები 2012 წლამდე. 120 მლნ ლარით დაფინანსდა ფერმერთა ტექნიკა, 7 500 ერთეული ტექნიკა მიიღებს აგრარულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა მთავრობის მხარდაჭერით, ამ კუთხითაც გაგრძელდება მომავალშიც პროგრამების განხორციელება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, „დანერგე მომავალი" - არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 23 600 ჰა ფართობზე გაშენდა ახალი ბაღები, ჯამურად კი 360 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„პროგრამის - „დანერგე მომავალი" ფარგლებში, გაშენდა ახალი ბაღები, ჯამური ფართობი შეადგენდა 23 600 ჰა-ს, ჯამში, 360 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 100 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს, დამატებით, დაახლოებით, 10 000 ჰა ფართოებზე ახალი ბაღების გაშენებას, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისთვის.
ასევე მელიორაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - აქაც გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. მთლიანობაში, მხოლოდ 59 000 ჰა იყო წყალუზურუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლისთვის და 210 000 ჰა-მდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი 12 წლის თავზე. მომდევნო წლების განმავლობაში, მილიარდი ლარი იქნება მელიორაციისთვის გამოყოფილი და 260 ჰა-მდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობების საერთო მოცულობა. მათ შორის, დაიწყება ილტოს წყალსაცავის მშენებლობა, რაც კახეთის რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.