2-12-2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გასულ ღამეს შსს-ის 21 თანამშრომელი დაშავდა, ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში კი ჯამში, შსს-ის 113-მა თანამშრომელმა მიიღო დაზიანებები.
„აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შსს-ის ცნობით, აქციებზე დაზიანდა პარლამენტის შენობა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული ინფრასტრუქტურა.
უწყების ცნობით, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ჯამში დაკავებულია 224 პირი.
„მსგავსად წინა დღეებისა მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. საზოგადოება თვალს ადევნებდა მოძალადე ჯგუფები როგორ აზიანებდნენ პარლამენტის შენობას და რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ინფრასტრუქტურას. გვიან ღამით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე არსებული მუნიციპალური ქონება და კერძო პირთა საკუთრება დააზიანეს, დაზიანებული ნივთების მეშვეობით აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს გარკვეულ ნივთებს.
გვსურს საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი პირი: 2007 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 2003 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს 9 აპრილის ქუჩაზე, ბრალდებულმა გ.მ.-მ პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხოლო, მ.გ.-მ იმავე დღეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის
ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს. ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. აქვე, საზოგადოებას გვსურს მივაწოდოთ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებული პირების შესახებ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი. დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ.
დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა; 34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა; 4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა. დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება.
როგორც ცნობილია, დღესაც, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილია საპროტესტო აქციები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.