გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ

24-10-2018

ახალციხის რაიონული სასამართლო ხუთი წლის ბიჭის ცემის საქმეს იხილავს. ბავშვის ცემაში დედას ადანაშაულებენ. ამის გამო მას ხუთი წლის ბიჭთან ერთად ოთხი წლის გოგონაც ჩამოართვეს. საბოლოოდ, დაუბრუნდება თუ არა დედას შვილები, მოსამართლე გადაწყვეს.

 

შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. დედა ჰყვება, რომ ხუთი წლის ბიჭს ბაღი არ უყვარდა, ამ დღეს ბევრი იტირა, ამიტომ იძულებული გახდა, რომ ადრე გამოეყვანა: „სახლში რომ მივედით, მითხრა, ნახე, რომ ვიტირე, რა უცებ წამომიყვანეო. ამაზე გავბრაზდი და დასჯის მიზნით ვუთხარი კუთხეში დამდგარიყო“.

 

37 წლის ქალი ამბობს, რომ ბავშვისთვის არ დაურტყამს. მეზობელი კი ყვება, რომ დედამ ბავშვს სცემა: „ისეთი ტირილის ხმა ისმოდა, რომ ჩემმა რძალმა სასწრაფოს გამოუძახა. ბავშვის ტირილი ხშირად გვესმის, ამიტომ ამჯერად რძალმა გადაწყვიტა, რომ დაერეკა“.

 

„სასწრაფოს ვუთხარი, რომ მე არ გამომიძახებია“, – ამბობს დედა – „ეს მეზობლის გოგო კი რომელმაც დარეკა, კიბეებზე წივილ–კივილით მორბოდა, ბავშვი კვდებაო. ექიმებმა ბიჭი გასინჯეს და არაფერი არ სჭირდა, ეს დაწერეს კიდეც ოქმში“.

 

სასწრაფოს შემდეგ ოჯახში პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ. მათ დედა, ორ მცირეწლოვანთან, ხუთი წლის ბიჭთან და ოთხი წლის გოგონასთან ერთად, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. აქ ხუთი წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარეს, დასკვნის მიხედვით, ბავშვს ჩალურჯებები აღმოაჩნდა. პოლიციიდან მცირეწლოვნები სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, 37 წლის ქალი კი შვილის ცემის ბრალდებით დააკავეს.

 

„ბავშვები ტიროდნენ ჩემთან დარჩენა უნდოდათ, მაგრამ სად წაიყვანეს არ ვიცი, არც არაფერი მითხრეს. მე ვყვიროდი და ბავშვების დაბრუნებას ვითხოვდი, მაგრამ პოლიციელები შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მერე კი ისევ თვითონ მედავებოდნენ თითქოს არ დავემორჩილე და წინააღმდეგობა გავუწიე“, – გვიყვება დედა.

 

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეორე დღეს, 22 სექტემბერს იმსჯელა და გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. ამასთან ერთად 37 წლის ქალი მოსამართლემ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1 000 ლარითაც დააჯარიმა. ასევე, დედას შვილებთან ერთი თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

 

„უკვე ორი დღეა, რაც ამ ორდერის ვადა გავიდა და შვილებს მაინც არ მაჩვენებენ. სოციალურ სამსახურში იმასაც კი არ მეუბნებიან ბავშვები სად არიან“, – ამბობს დედა.

 

იგი ბავშვის ცემას კატეგორიულად უარყოფს და შვილების დასაბრუნებლად მეზობლების, ნათესავების, ასევე, ყოფილი თანამშრომლების ხელმოწერებს აგროვებს, რომ სოციალურ სააგენტოში შეიტანოს: „მითხრეს, რომ ბავშვები მინდობით აღზრდაში ჰყავთ. ახლა კიდევ გავიგე, რომ ბიჭი, რომლის ცემასაც მაბრალებენ, ძალიან ცელქია და ფსიქოტროპულ წამლებს ასმევენ. ასე როგორ შეიძლება!? ზოგჯერ მალაპარაკებენ ბავშვებს და ისინი ამბობენ, რომ ჩემთან ყოფნა უნდათ“.

 

 

 

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ არცერთი ბავშვი ფსიქოტროპულ წამალს არ ღებულობს. რაც შეეხება მათი ოჯახიდან გამოყვანის გადაწყვეტილებას, უწყებაში ამბობენ, რომ თუ ამის საჭიროება არ არსებობს სახელმწიფო ამ ნაბიჯს არ დგამს: „ჩვენი თანამშრომლები, ყოველთვის იქცევიან კანონიდან და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. მათ ვერ დავტოვებდით იმ ოჯახში, სადაც საფრთხე ემუქრებოდათ“.

 

37 წლის ქალის ადვოკატი, ლარისა შელეკიძე ამბობს, რომ დედას შვილები დაუსაბუთებლად ჩამოართვეს: „თუკი სასამართლომ არ იმსჯელა ბავშვების განრიდებაზე, ვის რა უფლება აქვს, რომ ბავშვები დაკავებული ჰყავდეთ?! ვის რა უფლება აქვს, რომ ბავშვები ოჯახს არ დაუბრუნონ და მითუფრო არც კი აჩვენონ მშობლებს?!"

 

ბავშვების მამა მომხდარზე არ საუბრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი ამბობენ, რომ მცირეწლოვნების სახლში დაბრუნების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს: „ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. სახელმწიფოს არ აქვს ინტერესი, რომ ბავშვი ოჯახიდან გამოიყვანოს თუ მას იქ საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად ბავშვები უსაფრთხოდ არიან“.

 

სასამართლო ხუთი წლის ბიჭის ცემის საქმის არსებით განხილვას 18 ნოემბრიდან დაიწყებს.



sknews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930