გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში" შეჭრას, „რუსთავი 2"-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე, ეს გამოვიარეთ 2004-დან 2007 წლის ჩათვლით

3-12-2024

ტელევიზიაში შეჭრა ყველას გვახსენებს 7 ნოემბერსაც, „იბერიაში" შეჭრას, „რუსთავი 2"-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე, ეს ყველაფერი ხომ გამოვიარეთ 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ზოგადად, ყველაფერი არის კოორდინირებული და ტრენინგები უტარდებოდათ ამ ადამიანებს.


„საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ, მაგალითად ე.წ. ხელოვანები. ჩვენ ვსაუბრობდით საზოგადოების წინაშე „კანვასის" ტრენინგებთან დაკავშირებით და „კანვასის" ტრენინგებს გადიოდნენ სწორედ ეს, დავარქვათ ხელოვანები. არ მაქვს უფლება, ვიღაცას ე.წ. ხელოვანი ვუწოდო და ნამდვილი ხელოვანი, ეს უნდა შეაფასოს შესაბამისმა აუდიტორიამ, მაგრამ არიან ხელოვანები, შესაბამისი სტატუსის მქონე ხალხი, რომლებიც კეზერაშვილის ჟურნალისტებთან ერთად იჭრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი არის კოორდინირებული. თავის დროზე, ჩვენ როცა ვამბობდით იმას, რომ ხელოვანებს უტარდებოდათ ტრენინგები რევოლუციაში, ვიღაცები ირონიულად გვპასუხობდნენ ამაზე, მაგრამ ფაქტია. არის წარუმატებელი, მაგრამ რევოლუციური პროცესები და ამაში პირდაპირ მონაწილეობენ ეს ადამიანები ხელოვანის სტატუსით.


ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია. რაც შეეხება მედიაში შეჭრის მცდელობას, ეს არის, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის" ხელწერა. ყველას გვახსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი და სხვათა შორის, ერთი-ორი „გულწრფელი" ახალგაზრდა პირდაპირ ჰპირდებოდა „იმედის" წარმომადგენლებს 7 ნოემბრის გამეორებას და თან ეს არაერთხელ მოხდა, მრავალჯერადად გაიმეორეს ეს გზავნილი. მართლა გაუგონარი რამეა ეს ყველაფერი, თუმცა, როდესაც ხარ, მაგალითად კუდ-ის მაღალჩინოსნის შვილი და როცა ბავშვობიდან გინერგავენ ამას, რომ 7 ნოემბერი იყო საოცარი, დადებითი მოვლენა, რა თქმა უნდა, ასეთი მორალით იზრდები, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ასეთ ახალგაზრდებსაც უნდა გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება ტელევიზიაში შეჭრას, ყველას გვახსენებს ეს მოვლენა 7 ნოემბერსაც, „იბერიაში" შეჭრას, რუსთავი 2-ის მიტაცებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებას თავის დროზე. ეს ყველაფერი ხომ გამოვიარეთ 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით. სულ რამდენიმე წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ დაემყარებინათ სრული სატელევიზიო მონოპოლია ჩვენს ქვეყანაში.


ახლაც არ იცვლება არც ხელწერა, არც მიდგომები, რატომ, ერთი საინტერესო დეტალია, მაშინაც ისინი ამას აკეთებდნენ პატრონის დავალებით და ახლაც იგივეს აკეთებენ პატრონის დავალებით. ხელწერა არ იცვლება. გახარიამ აღიარა, რომ მის მიერაც არის დაორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები. ერთ-ერთ დღეს 100-მდე მოძალადე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მან განაცხადა, რომ ათეულობით მისი აქტივისტი იყო დაკავებული. მან პირდაპირ აღიარა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების დიდი ნაწილი არის მის მიერ პარტიული ხაზით დაორგანიზებული. რა თქმა უნდა, აქაც საქმეში ერთვება პატრონის ფული, პატრონის მითითებები, მაგრამ პარტიული ხაზი იყო მისი. ეს ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ თვალებს თხრიდა მომიტინგეებს, პატრონის დავალებით, იგივე პატრონის დავალებით ესვრის ახლა პიროტექნიკას პოლიციელებს.


ხელწერა არ იცვლება, ზუსტად იგივეა მედიის შემთხვევაშიც. პატრონი ავალებდა თავის დროზე ტელევიზიაში შეჭრას ამ ადამიანებს, „ნაცებს" და დღესაც ავალებს ტელევიზიებში შეჭრას. ეს არის ზუსტად იგივე ხელწერა. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს რომ მოეგოთ 26 ოქტომბრის არჩევნები, რას დაატრიალებდნენ ამ ქვეყანაში - ტელევიზიებში შეჭრა, ადამიანების მკვლელობა, წამება და ა.შ. ბიზნესის რეკეტი. ეს იქნებოდა ორმაგი და ათმაგი მასშტაბით გამეორებული ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მადლობა ღმერთს, გამოვიდა 1 120 000 ადამიანი ამ ქვეყანაში და მხარი დაუჭირა ამ ყველაფრის არდაბრუნებას და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გაგრძელებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031