8-12-2024
კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ საზოგადოებამ იხილა კონკრეტული ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ. მე მინდა პირველ რიგში მათ ჯანმრთელობა ვუსურვო და იმედი გამოვთქვა, რომ შესაბამისი სამსახურები, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე მოახდენენ ეფექტურ რეაგირებას და იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული ამ ძალიან მძიმე შემთხვევაზე, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „ტვ პირველზე“ თავდასხმა არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა და ამ დღეების განმავლობაში იყო ძალადობის არა ერთი ფაქტი ჟურნალისტების მიმართ, მოძალადე მომიტინგეების მხრიდან და ასევე მუდმივი ბულინგი და ძალადობა პოლიციელებზე. მისივე თქმით, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ქვეყანა უნდა დამშვიდდეს.
„მიუღებელია და დასაგმობი ცხადია ძალადობა, მის ნებისმიერ გამოვლენაში, ცხადია პირველ რიგში ფიზიკური ძალადობა, ასევე ვერბალური ძალადობა, ასევე ბულინგი, ძალადობა როგორც ასეთი, როგორც მოცემულობა, რომლის დაშვებაც არის ანტისახელმწიფოებრივი ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია შესაბამის სტრუქტურებს აქვთ შესაბამისი რესურსი და პლაცდარმი, იმისთვის, რომ სათანადოდ და ეფექტურად მოახდინონ შესაბამისი გამოძიება. ჩვენ ველოდებით და დარწმუნებული ვართ, რომ ამ კუთხით სიახლეები და საზოგადოებას ეცოდინება.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა სამწუხაროდ. ჩვენ ვნახეთ ძალადობა მომიტინგეების მიმართ, უშუალოდ მოძალადე პირების მხრიდან, როდესაც იქ ხდებოდა პიროტექნიკის გამოყენება, ჩვენ ვნახეთ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, ისევ იგივე მოძალადე მომიტინგეების მხრიდან, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები ძალის გადამეტების ასევე, ჩვენ ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში მუდმივი ბულინგი და ძალადობა პოლიციელებზე. ეს ყველაფერი ცხადია უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა დამშვიდდეს.
რეალურად გასაპროტესტებელი საფუძველი პროტესტისა არ არსებობს. ეს საზოგადოებამ იმედია კარგად გაიგო უკვე და თუკი მაინც ხელოვნურად ვინმე ცდილობს იმ მუხტის შექმნას, რომელიც სინამდვილეში არ არის და აბსოლუტურად უსაფუძვლოა, აქ კარგად ჩანს, რომ კონკრეტული რადიკალური პარტიები თავის კონკრეტულ დესტრუქციულ ინტერესებს ატარებენ და მის განხორციელებას ცდილობენ რუსთაველის გამზირზე და ეს არის ბევრად შორს სახალხო პროტესტისგან, რისი წარმოჩენაც სურთ, როგორ რადიკალებს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე მათ მხარდამჭერებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.