გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2025 წელს გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება

10-12-2024

საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია.


ლაშა ხუციშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში, გამოყოფილია - 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი.


როგორც მან აღნიშნა, დღეისათვის დასრულებულია 367 კილომეტრი მაგისტრალური გზა. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულებულია 302 კილომეტრი, რაც მთლიანი მაგისტრალის 70%-ზე მეტია. მათ შორის, რიკოთის მონაკვეთზე დასრულებულია 48 კილომეტრის მშენებლობა და დარჩენილი ნაწილი დასრულდება 2025 წელს.


მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები კახეთის მაგისტრალის მიმართულებით, რომლის ფარგლებში, უკვე გაიხსნა ბაკურციხე-წნორის 18-კილომეტრიანი მაგისტრალური გზა და თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი გზა. მომავალ წელს გაიხსნება დამატებით 17-კილომეტრიანი მონაკვეთი.

მომდევნო წლებში დაგეგმილია ბათუმი-სარფის, ქობულეთის დამატებითი ორი ზოლის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის, ლილოს შემოვლითი გზის, დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელის და გასასვლელის, წიწამური-ჟინვალის, ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი - თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზების მშენებლობა.


ფინანსთა მინისტრის თქმით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე მიიმართება 228 მილიონ ლარამდე, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მონაკვეთის დარჩენილი ნაწილის მშენებლობის დაწყება.


ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე გათვალისწინებულია 500 მილიონ ლარზე მეტი. წყალმომარაგების კომპანია საკუთარი რესურსიდან დამატებით მიმართავს 250 მილიონ ლარზე მეტს, შესაბამისად, ჯამში ამ მიმართულებით 750 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.


„2025 წელს ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში იქნება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ლარამდეა. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდგომ, დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


2025 წელს მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე მიიმართება 75 მილიონი ლარი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციაზე - 366 მილიონი ლარი, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 150 მილიონი ლარი.


სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაიწყება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა, ხოლო თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031