გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ლაშხი საქართველოსთვის დაწესებულ სანქციებზე: ეს არის ხელოვნური სუნთქვის ჩატარება რადიკალებისთვის და განეიტრალებული და შესუსტებული მუხტის გაცოცხლების მცდელობა, თუმცა როდესაც არ აქვს სიმყარე ამ გადაწყვეტილებას, მარცხს განიცდის

17-12-2024

„სანქციების ფიასკო და როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა, ეს იყო ერთგვარი აფერა, რაც დღევანდელ მინისტერიალზე ვიხილეთ.


სამწუხაროა და პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ, რა სამართლებრივი დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას. სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, თუ ერთგვარი პოლიტიკური მანიპულირების თუ ცინიზმის ერთგვარი სიმბოლიკა აღნიშნული გადაწყვეტილება“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.


მარიამ ლაშხი ვიზალიბერალიზაციასა და დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას შორის განსხვავებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამას ორი სამართლებრივად განსხვავებული პროცედურა და განსხვავებული ინსტიტუციური დატვირთვა აქვს.


"ჩვენი ოპონენტები, რომლებიც არაერთხელ ილაშქრებდნენ საკუთარი სამშობლოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც გვახსოვს ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და აქ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ის, რომ ვიზალიბერალიზაცია არის სხვა და დღევანდელი გადაწყვეტილებით, რაც არის დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვა ეს არის სხვა გადაწყვეტილება. ამას ორი სამართლებრივად განსხვავებული პროცედურა და განსხვავებული ინსტიტუციური დატვირთვა აქვს, ვინაიდან მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ ვიზალიბერალიზაციამდე პირველი ხელშეკრულება, რაც ვიზებთან დაკავშირებით გააკეთა, ეს იყო დიპლომატიური პასპორტის მქონე პირთათვის სავიზო პროცედურების გამარტივება, უვიზო მიმოსვლა და გაცილებით ადრე იყო ეს პროცედურები. შემდგომ ამას მოჰყვა ვიზალიბერალიზაცია. ამიტომ, ეს ორი სხვადასხვა ინსტიტუციური და სამართლებრივი პროცედურა არის. ამასთან ერთად უნდა ვნახოთ, რომ რეზოლუციაში ჩანაწერი გაკეთდა პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს თავისი სამართლებრივი პროცედურები და თავისი ბიუროკრატია. ეს არ არის ხუთი დღის თუ ორი თვის საქმე, ამას მოჰყვება თავისი სამართლებრივი პროცედურები, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს საფუძვლები, რის მიხედვითაც ხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამოტანა, შემდგომ უნდა იმსჯელოს წევრმა სახელმწიფოებმა და კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც არის 14 ქვეყანა. ანუ, ამ წევრი ქვეყნების მოსახლეობის 65%-ზე მეტი წარმომადგენლის გადაწყვეტილება უნდა იქნეს და ძალიან კარგად იციან გადაწყვეტილების მიმღებებმაც, რომ ეს საბოლოო ჯამში ვერ გავა დანიშნულების ადგილამდე, ვინაიდან სწორედ იმ კვალიფიციურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რადგან არც კონკრეტული საფუძველი ექნება ამას და შესაბამისად, ესეც განიცდის ერთგვარ ფიასკოს. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ვერ ნახავს სინათლეს და მაშინ ჩნდება კითხვა: რას ემსახურება ეს რეზოლუცია?!- ეს არის ერთგვარი ხელოვნური სუნთქვის ჩატარება რადიკალებისათვის და განეიტრალებული და შესუსტებული მუხტის გაცოცხლების მცდელობა, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც არ გაქვს საფუძველი, როდესაც არ აქვს სიმყარე ამ გადაწყვეტილებას, ყოველთვის სიმართლე იმარჯვებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც, მარცხს განიცდის და სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ ევროკავშირში, იმ გარკვეულ დაინტერესებულ ბიუროკრატებს კიდევ აქვთ მცდელობა, ერთგვარი კუდის ბოლო მოქნევა. ჩვენ ვიცით, რომ ამ კვირაშიც ევროპარლამენტში გაიმართება გარკვეული მსჯელობები და სავარაუდოდ, საქართველოს საკითხსაც დააყენებენ და ასე ვთქვათ, ბოლო გაფართხალება იქნება 19-20 ის შეკრება, საბჭოს სხდომა, როდესაც კიდევ შემდგომი მოლოდინები გვექნება, თუმცა, ახალი წლის მერე როგორც თავადაც აანონსებენ, ტრამპის ინაუგურაციის მერე რიტორიკა შეიცვლება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031