გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახალხო დიპლომატია, როგორც უთანხმოების მოგვარების გზა - თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა

17-12-2024

ქართველი პოლიტოლოგები, ექსპერტები და მეცნიერები შეიკრიბნენ მრგვალ მაგიდასთან, რათა განეხილათ საქართველოს მიმდინარე საგარეო პოლიტიკური კურსი და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები დასახონ


საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საუკეთესო გზა სახალხო დიპლომატიაა, მიაჩნიათ თბილისში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილე ექსპერტებს.


თბილისში ქართველი პოლიტოლოგების, ექსპერტებისა და მეცნიერების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა „ქართულ-რუსული დათბობა“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც გაზეთ „თავისუფალი საქართველო“ იყო. ღონისძიების სტუმრებმა დაასახელეს ქართულ-რუსული ურთიერთობების ძირითადი გამოწვევები, განიხილეს რუსეთის ფედერაციასთან კავშირების დამყარების გზები და საქართველოს შესაძლებლობები გახდეს ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფო.


„საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები ყველა რესურსის გამოყენებით უნდა დაარეგულიროს, მათ შორის ეს არის სახალხო დიპლომატია, რაც გულისხმობს ურთიერთობებს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს, სამეცნიერო და სამედიცინო წრეების წარმომადგენლებს შორის და ა.შ. შემდეგ კი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი, რომელიც უკვე 35 წელია არსებობს“, - განაცხადა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ ჩიბურდანიძემ.


მისი თქმით, სახელმწიფო პოლიტიკაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ამ პოლიტიკის შემუშავება სახალხო დიპლომატიის, ექსპერტების დონეზე. აუცილებელია ყველა ექსპერტის აზრის გათვალისწინება, იქნება ეს ოპოზიციის თუ „პოზიციის“ წარმომადგენელი.


როგორც ჩიბურდანიძემ განმარტა, ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფო, მაგალითად ამერიკა და დიდი ბრიტანეთი, ძალიან აქტიურად და პროდუქტიულად იყენებს მეცნიერულ კვლევებს, მათ დასკვნებსა და რეკომენდაციებს საგარეო სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვისას. საქართველოში, მისი თქმით, მეცნიერებას სათანადო ყურადღება არ ექცევა.


რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, პოლიტოლოგმა დასძინა, რომ საქართველოს ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ჩრდილოეთის ქვეყანასთან და აქედან გამომდინარე, საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს მუდმივი პრობლემები მეზობელ სახელმწიფოსთან.


„პოლიტიკაში მეგობრობაც და მტრობაც პირობითია და დროებითი. მეგობრობა გრძელდება მანამ, სანამ ამის საშუალებას თქვენი სახელმწიფოს ინტერესები იძლევა და მტრობაც გრძელდება მანამ, სანამ ამას თქვენი სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვს", - განაცხადა ჩიბურდანიძემ.


პოლიტოლოგი რუსეთთან ყველა სადავო საკითხის გადაწყვეტას ორმხრივ მოლაპარაკებებში ხედავს, რადგან ძალისმიერი მეთოდები გამორიცხულია ისეთი პატარა და მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ომი ისედაც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში უნდა იყოს დემოგრაფიული პოლიტიკა. საქართველოს სჭირდება მშვიდობა. მხოლოდ მშვიდობის პირობებში შეიძლება გადარჩეს გენოფონდი. მაგრამ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის მოწესრიგება არ უნდა მოხდეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის ხარჯზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ გადავალთ შედეგზე“, - აღნიშნა მან.


ჩიბურდანიძეს მიაჩნია, რომ შემდგომი განვითარება დამოკიდებულია საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, ყველა მეცნიერზე, ხელოვანზე, სახალხო დიპლომატიის ყველა სექტორზე და, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებზე, რათა საქართველო სინამდვილეში და არა მხოლოდ ქაღალდზე გახდეს სუვერენული სახელმწიფო, იყოს თვითკმარი ქვეყანა, ჰქონდეს ეროვნული პოლიტიკა და რომ საქართველოს ჰყავდეს პარტნიორები დასავლეთში, აღმოსავლეთში და ჩრდილოეთში.


სიტყვით გამოსვლისას პოლიტოლოგმა და ფონდ SIKHA-ს დამფუძნებელმა არჩილ სიხარულიძემ განაცხადა, რომ საქართველომ და რუსეთმა ორმხრივ ურთიერთობებში დიდ პროგრესს მიაღწიეს და შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.


„თუ გადახედავთ იმას, რისი განვითარებაც შევძელით, ჩვენ უკვე განვავითარეთ ყველაფერი: ტურიზმი, თვითმფრინავები, უვიზო მიმოსვლა. ეს ყველაფერი გაკეთდა. შემდეგი ნაბიჯი, ერთადერთი შესაძლო ნაბიჯი, არის დავფიქრდეთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ეს შეუძლებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გარკვეული ძლიერი ნაბიჯების გარეშე“, - განაცხადა სიხარულიძემ.


რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას საჭიროდ მიიჩნევს პოლიტოლოგი და კონფლიქტების ექსპერტი, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია. ექსპერტი გამოვიდა წინადადებით, რომელსაც შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობაზე, ასევე ხელი შეუწყოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.


საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ისინი ქართულმა მხარემ გაწყვიტა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.


„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს ჩვენს რელიგიურ მთლიანობას, ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ერთი პატარა ნაბიჯი და მოვიპოვოთ შესაძლებლობა, ნაწილობრივ მაინც ქართულ ენაზე ჩავატაროთ ღვთისმსახურება გალის ან ოჩამჩირის რეგიონის ეკლესიებში. ეს იქნებოდა ძალიან დიდი და პოზიტიური ნაბიჯია“, - განაცხადა ნაჭყებიამ.


მრგვალი მაგიდის კიდევ ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიული ალიანსის“ წარმომადგენელმა გია სალაქველიძემ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირი 1990-იანი წლების დასაწყისიდან შეწყდა, როცა საქართველომ რეგიონზე კონტროლი დაკარგა.


„ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო კავშირია. მისი აღდგენა დადებითად აისახება მოძმე ხალხთან ურთიერთობის დამყარებაზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სამეცნიერო კავშირების დამყარება, რათა ქართველმა მეცნიერებმა თავისი რუსი კოლეგები ქვეყანაში დაგმობისა და კრიტიკის შიშის გარეშე მოიწვიონ“, - განაცხადა სულაქველიძემ.


საინფორმაციო სააგენტო „ივერიონის“ დირექტორი ზაურ ნაჭყებია მიიჩნევს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური კურსი, რომელიც რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ისახავს მიზნად, სწორია.


„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, ეს სწორი კურსი გაგრძელდა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოიღო, თუმცა საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა“, - აღნიშნა მან.


ზაურ ნაჭყებია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში არსებული ხელისუფლების შეცვლა საქართველოსთვის საზიანო იქნებოდა.


„მთელი საზოგადოება და ჯანსაღი ძალები უნდა იყოს მიმართული სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილებისა და ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ნაჭყებიამ.


საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=cIO5xLOnSXk თამარ ჩიბურდანიძე (1)

https://www.youtube.com/watch?v=P50a5LdU3ws&t=2s თამარ ჩიბურდანიძე (2)

https://www.youtube.com/watch?v=ZKV08xoSgqg ზაურ ნაჭყებია (1)

https://www.youtube.com/watch?v=Bo219rAfZqg ზაურ ნაჭყებია (2)

https://www.youtube.com/watch?v=8rz7QvbvkT0 არჩილ სიხარულიძე

https://www.youtube.com/watch?v=jUn5eJ_LW2I&t=17s ბადრი ნაჭყებია https://www.youtube.com/watch?v=WNAGz0Tc1Og&t=3s  გია სულაქველიძე

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031