22-12-2024
მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა განვითარდეს იგივე პროცესები, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში.
„აქ დიდი რესურსი მათ არ აქვთ. სპეციფიკა განსხვავებულია, ის იყო პარტიული ოფისი და განსხვავებული ვითარება, აქ საუბარია პრეზიდენტის რეზიდენციაზე. აქაც, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს, დარწმუნებული ვარ, რომ მას ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში, ესეც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, ასეთი სცენარის შემთხვევაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
19-12-2024
18-12-2024