28-01-2025
არ შეიძლება საუბარი იყოს გაყალბებაზე, როდესაც გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის 800,000 ხმის სხვაობაა. ამგვარი გაყალბება ბუნებაში არ არსებობს! არ შეიძლება გაყალბებაზე საუბარი, როდესაც ხმები აღირიცხება ელექტრონული ტექნოლოგიით, რომელიც, სხვათა შორის, დასავლურმა კომპანიებმა დანერგეს საქართველოში. დასავლურმა კომპანიამ და არა რუსულმა, ჩაატარა აუდიტი და დაადასტურა, რომ ამ ტექნოლოგიის წყალობით გაყალბება შეუძლებელი იყო და თუ იყო რაიმე გადაცდომა, გამოძიება რვა სხვადასხვა შემთხვევაზე მიმდინარეობს. მაშინ რაში მდგომარეობს პრობლემა? პრობლემა ისაა, რომ არჩევნების შედეგი არ არის მოსაწონი! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა PACE -ს კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წლიდან, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს ნებისმიერ ფასად და ევროკავშირმა უკვე განახორციელა სადამსჯელო ღონისძიება 2022 წელს, როდესაც კარი დაუხურა საქართველოს.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს დღემდე არ მიუღია არანაირი ოფიციალური დასაბუთება და არც გაწევრიანების მოლაპარაკებები ყოფილა ოდესმე გახსნილი, ამიტომ მცდარია მტკიცება, რომ თითქოს საქართველოს მხრიდან შეჩერდა მოლაპარაკებები.
„2022 წლიდან, საქართველოში გვაქვს შთაბეჭდილება და ამას არა მხოლოდ მე ვამბობ, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს ნებისმიერ ფასად და ეს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი კვლავ რუსულ ოკუპაციაშია, მაგრამ ზოგიერთი მაინც უწოდებს საქართველოს პრორუსულს და ცდილობს მის გარიყვას დიალოგის გაგრძელებისა და დახმარების ნაცვლად. მაგალითისთვის, ევროკავშირმა უკვე განახორციელა სადამსჯელო ღონისძიება 2022 წელს, როდესაც კარი დაუხურა საქართველოს და კარი გაუღო უკრაინას იმ საფუძველზე, რომ იქ ომი მიმდინარეობდა.
ჩვენ არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური დასაბუთება დღემდე და არც გაწევრიანების მოლაპარაკებები ყოფილა ოდესმე გახსნილი ჩვენთვის, ამიტომ მცდარია მტკიცება, რომ თითქოს ჩვენი მხრიდან შეჩერდა ეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები არც კი არსებობდა და რაც არ არსებობდა, ვერ შეჩერდებოდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.