გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ქართველი ერის დამსახურებაა, რომ წამოგვყვა ამ სწორ პოლიტიკაში, აგვირჩია. სხვა შემთხვევაში ტრამპი და მასკი ილაპარაკებდნენ წარსულზე თუ როგორ მოახერხა „დიფ სთეითმა“ აქ რევოლუციის მოხდენა და როგორ ჩაერთო ქვეყანა ომში

3-02-2025

ჩვენ როდესაც პირველად „გამჭვირვალობის კანონზე“ დავიწყეთ საუბარი და დაინიცირდა უმრავლესობის მხრიდან, მაშინ ზეწოლის, როგორც გარე, ასევე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, შანტაჟის რა მასშტაბი იყო ალბათ გახსოვთ?! პირველ წელს ვერც კი შევძელით ჩვენ ამის გატანა. ეს არის ფაქტი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ USAID-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.


მისი თქმით, მაშინ ერთ-ერთი მთავარი მორალური არგუმენტი იყო, რომ „მეგობრები რომ გვეხმარებიან, თქვენ რას კადრულობთ, ამის გამჭვირვალობაზე როგორ შეიძლება ლაპარაკიო და ეს ამიტომ არის რუსული კანონი და რუსული მიდგომაო“. მდინარაძის თქმით, დღეს თავად აშშ-ს ლიდერები, პირველი პირი, პრეზიდენტი ტრამპიც ლაპარაკობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის , „ნედის“ მხრიდან მოდიოდა.


უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, იმაზე, რომ ამერიკული ფულით ბოროტება ფინანსდებოდა, თავად დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ღიად საუბრობს.


„ჩვენ ბოროტებას ამერიკულ ფულს არ ვუწოდებდით მაშინ. დღეს თავად ამერიკელები და ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს და ტრამპის ადმინისტრაცია, მომხრეები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება. და მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ჩანს საქართველოს მოვლენებიც, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა. ჩვენ რაც არ გვილაპარაკია, ეს ინფორმაციაც კი აშშ-დან წამოვიდა იმის შესახებ, რომ USAID-ის, „ნედის“ არაერთი ათეული მილიონი ხმარდებოდა ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფას და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, დღეს უფრო მეტად დასაფასებელია ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა.


„რისთვის გაგვიძლია და რა გადაგვიტანია, როდესაც თავად ამერიკელები ლაპარაკობენ უფრო ხისტად, ვიდრე ჩვენ ეს გავაკეთეთ თავის დროზე. ახლა შეფასება უფრო ადვილია. ახლა დაფასებაც უფრო ადვილია. მაგრამ საქართველოში კვლავ რჩება 400-კაციანი კარგად დატრენინგებული აგენტურა, რომელიც ამ აქციების ძირითადი ბირთვია, რომელიც 4 მილიონ ადამიანს მკაცრად ულახავს საკუთარ უფლებებს. 4 მილიონი ადამიანის იძულებას ახდენს, რომ ისინი შანტაჟით, აქციებით, უკვე ნანახი მდაბიო კამპანიებით მოაქციოს თავისი წნეხის ქვეშ. მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს არასდროს ჰქონია. ეს ჩვენი, ქართველი ხალხის და მისი სიბრძნის დამსახურებაა, რომ ისინი გაერკვნენ და წამოგვყვნენ ამ სწორ პოლიტიკაში, კვლავ აგვირჩიეს. სხვა შემთხვევაში უკვე ტრამპი, მასკი და სხვები ილაპარაკებდნენ წარსულზე თუ როგორ მოახერხა „დიფ სთეითმა“, იმ ბოროტებამ, რომელიც მათი მხრიდან დაფინანსებული ფულით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, საქართველოში რევოლუციის მოხდენადა როგორ ჩაერთო საქართველო იმ მომაკვდინებელ ომში, რომელმაც უკრაინა პრაქტიკულად უკვე გაანადგურა. მაგრამ საბედნიეროდ ამას ვერავინ ამბობს იმიტომ, რომ ეს ფაქტი ასე არ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამას წინ აღვუდექით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები „დიფ სთეითის“ შესუსტების და დამარცხების საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან „დიფ სთეითის“ აგენტები კვლავ აგრძელებენ მცდელობას, რომ ჩამოშალონ ქვეყანა.


„დიფ სთეითი“ თავისი სიძლიერით კვლავ ახორციელებს თავისი აგენტურის მართვას საქართველოში და არ გადაუდგამთ უკან ნაბიჯი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728