29-10-2018
საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს რუსული გამოცემა, «Российская газета» ჟურნალისტ მაქსიმ მაკარიჩევის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველოს პრეზიდენტის ფიგურა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომლებიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, უკვე მნიშვნელოვნად ცერემონიალურია და აქედან გამომდინარე, არსებითად მხოლოდ საოქმო (პროტოკოლურ) ფუნქციებს ასრულებს. მაგრამ ამ შემთხვევაში საყურადღებო ის არის, რომ პრეზიდენტის არჩევნები მმართველი პარტიისთვის ერთგვარ „გამოცდად“ აღიქმება - ანუ, მისი შედეგები იმის სიგნალი იქნება, თუ როგორ შედეგებს მოიტანს მომავალი საპარლამენტო არჩევნები.
არჩევნების მთავარი ინტრიგა იმაშია, რომ ერთმანეთს უპირისპირდებიან ერთი მხრივ - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი „დამოუკიდებელი“ კანდიდატი, 66 წლის სალომე ზურაბიშვილი და მეორე მხრივ - საქართველოდან გაქცეული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, ყოფილი მმართველი პარტიის ერთიანი ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, 60 წლის გრიგოლ ვაშაძე. სხვათა შორის, ორივე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები არიან.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ხელისუფლებაში სახალხო უკმაყოფილების ფონზე მოვიდა - იმ ფონზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გამოიწვია. აშკარაა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ბოლო დროს კლებულობს, რასაც ოპოზიციონერი „ნაციონალები“ პოპულისტური რიტორიკისთვის იყენებენ.
ნიდერლანდებში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე განსაკუთრებული ფსონი დადო: ფინანსებით უზრუნველყო და მედიარესურსები აამოქმედა. რატომ? იმიტომ, რომ გამარჯვების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს შეუძლია მიხეილ სააკაშვილისთვის ამნისტია გამოაცხადოს - ექს-პრეზიდენტს ხომ სამშობლოში 12 წლიანი საპყრობილე ემუქრება, ან უფრო მეტი - სამუდამო ციხე მძიმე დანაშაულებების ჩადენის გამო, მათ შორის თავისი დამრიგებლის, პრემიერ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ორგანიზებისათვის.
მიხეილ სააკაშვილი ბოლო თვეებში მის კონტროლქვეშ მყოფი მასმედიით, განსაკუთრებით კი ტელეარხ „რუსთავი-2“-ის მეშვეობით, მოსახლეობას პერმანენტულად უნერგავდა აზრს, რომ იგი „სამშობლოში აუცილებლად“ დაბრუნდებოდა, რომ „გრიგოლ ვაშაძე უკვე მოგებულია“, რომ იგი „სანდრასთან ერთად ქორწინების წლისთავს სამშობლოში აღნიშნავდა“.
გასაგებია, თუ რა ელოდება ასეთ სიტუაციაში საქართველოს, რომელიც დიდი ძალისხმევით ცდილობს რუსეთთან კავშირების აღდგენა-განვითარებას. გასაგებია, რომ შეწყდება რუსი ტურისტების ნაკადიც ამ ულამაზეს ქვეყანაში. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კონფრონტაციული მიდგომების მქონე პოლიტიკოსებს მიეკუთვნება, მისთვის ყოველ მოხერხებულ მომენტში აშშ-ზე და ნატოზე „ტირილს დაიწყებს“, რომლებთაც საქართველოს შავი ზღვუის აკვატორიაში სამხედრო ბაზის გახსნა სურთ. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ „მოსკოვის ხელის“ ძებნას დაიწყებს და მუდმივად ეცდება ძირი გამოუთხაროს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 2012 წელს იგი პიედესტალიდან გადააგდო.
საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ფავორიტი რუსეთის მიმართ დიდი სიმპათიების გამჟღავნებით არ გამოირჩევიან, ორივე ევროკავშირ-ნატოსთან დაახლოებისაკენ ისწრაფვის. მათ შორის განსხვავება უფრო მეტად შიდაპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხების მიმართ მიდგომაში გამოიხატება: გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას კორუმპირებულობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიღარიბისა და გაჭირვების აღმოფხვრა ვერ შეძლო. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში, საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილთან თავისი პირადი ანგარიშები აქვს: ექს-პრეზიდენტმა საფრანგეთის მოქალაქე, ელჩი სალომე ზურაბიშვილი ჯერ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა და მერე თანამდებობიდან გაათავისუფლა - ქედმაღლობსო, ამპარტავანია და იმპულსიურიაო, თქვა. არადა, იმპულსური გამოხტომები და ქედმაღლობა-ამპარტავნობა სწორედ თვითონ მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს.
ისე, კაცმა რომ თქვას, არჩევნებში აქტიურობა მაინცდამაინც არც თვითონ ქართველებს არ გამოუხატავთ: მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 46%-მა მიიღო.