25-02-2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.
"შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქარელში, სოფელ სამწევრისის მიმდებარედ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან ამოღებულია 70 მეტრი სიგრძის გასაშლელი სახლართი ტიპის ბადე.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. ჟინვალის წყალსაცავიდან ამოღებულია 100 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, დაბა ზაჰესის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან ამოღებულია 50 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე. სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ კი, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან ამოღებულია 6 ერთეული საბურავებისგან დამზადებული თევზმახე, ე.წ. ოჩხი.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გატარადა დედაქალაქშიც. თბილისის ზღვიდან 100 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 50 მეტრი სიგრძის ძუაზე მობმული ნემსკავებია ამოღებული.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო საშუალებები დალუქეს და შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე" -აცხადებენ უწყებაში.