5-03-2025
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა.
„ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ გზავნილებს. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ არაფორმალურ გავლენებზე, რომელსაც არასწორი მიმართულებით მიჰყავდა პროცესები როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ჩვენი ქვეყანა. იმის გამო, რომ არაფორმალურად იმართებოდა აშშ, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და დღემდე, სამწუხაროდ, არაფორმალურად იმართება სტრუქტურების უდიდესი ნაწილი ევროკავშირში, ჩვენს ქვეყანას მიადგა საკმაოდ დიდი ზიანი. იყო უამრავი უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურები არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან", - განაცხადა პრემიერმა.
25-02-2025