30-10-2018
„საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქვეყნის მმართველი პარტიისათვის - „ქართული ოცნებისათვის“ განგაშის სიგნალი უნდა იყოს: მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თავის მოწინააღმდეგეს - „ნაციონალური მოძრაობის“ (მიხეილ სააკაშვილის პარტიის) კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს წინ მხოლოდ ერთი პროცენტით უსწრებს. საქართველოს თავზე „მიშისტების“ რევანშის რეალური საფრთხე ჩამოწვა“-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს ეხება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მარინა პერევოზკინას ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
ცესკომ წინასწარი შედეგები უკვე გამოაცხადა - 38,63% - სალომე ზურაბიშვილს, 37,74% - გრიგოლ ვაშაძეს, მიხეილ სააკაშვილის ნათლიმამას. განსხვავება მხოლოდ 0,89%-ია. აი, ასეთი სამწუხარო შედეგებია „ქართული ოცნებისათვის“ პირველ ტურში. მართალია, ციფრები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ არსებითად აღარ შეიცვლება. მესამე ადგილზე „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე გავიდა - ხმების 10,97%-ით.
„ევროპული საქართველო“ იგივე „ნაციონალური მოძრაობაა“, ოღონდ პროფილში - მასში „ნაცმოძრაობაში“ მომხდარი განხეთქილების შედეგად ჩამოშორებული „ნამსხვრევებია“ შეკრებილი. როგორც ჩანს, „განხეთქილება“ „ნაცების“ მხოლოდ ტაქტიკური მანევრი იყო: დავით ბაქრაძემ უკვე გამოაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. ამრიგად, ამ უკანასკნელს პრეზიდენტის სავარძლის დაკავების ყველა შანსი აქვს.
ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმატებისათვის საკუთარი ავტორიტეტის რისკი გასწია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. არჩევნების წინ მილიარდერმა ქართველებს „ფრანგი ქალბატონის“ სალომე ზურაბიშვილის (იგი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა) მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. ახლა რაც არ უნდა თქვან თავის გასამართლებლად, ფაქტი სახეზეა: პირველი ტურის შედეგები სახელისუფლო პარტიისათვის ძალზე უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. თავისი არსით, ეს ჩავარდნას ნიშნავს. ეს არის თავალსაჩინო დემონსტრაცია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოპულარობის ვარდნისა, არამედ მისი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის შელახვაც.
მთავარი მიზეზი ჩვეულებრივია - თავბრუდახვევა წარმატებისაგან. გადააქცია რა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ოპონენეტები პრაქტიკულად მარგინალურ ძალად, „მეოცნებეები“ მოეშვნენ და დასავლელ „პარტნიორებს“ დაუჯერეს, რომლებმაც რეკომენდაცია მისცეს - „მიშისტებს“ მთლად ბოლოს ნუ მოუღებთ, ნუ გაანადგურებთო. ტყუილად არ გვაფრთხილებს ხალხური სიბრძნე: „თუ დრაკონს ბოლოს არ მოუღებ და ცხრა თავიდან მხოლოდ ერთს მოჰკვეთ, მის ადგილზე ახალი თავი ამოვაო“. ჰოდა, ასეც მოხდა: დრაკონი არ იქნა მოკლული, სამართლიანობაც ბოლომდე არ აღდგა. წინა ხელისუფლების ზოგიერთი ფუნქციონერი კი გაასამართლეს, მაგრამ მათი უმრავლესობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, საქართველოდან გაიქცა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა „მიშისტების“ მიერ დაზარალებული ადამიანების მატერიალური ზიანის კომპენსირება. თანხა იმდენი გამოდიოდა, რომ შეიძლებოდა სახელმწიფო გაბანკროტებულიყო.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ამომრჩეველთა მოლოდინის გამართლება. ხალხი დაპირებების რეალიზებას, ცხოვრების დონის სწრაფ და პოზიტიურ ცვლილებას ელოდა. როგორც აღმოჩნდა, „მიშისტების“ მიერ დანგრეული ეკონომიკისათვის მრავალწლიანი „თერაპია“ იყო საჭირო, ამომრჩევლებს კი კარგი ცხოვრება იმ დღესვე უნდოდათ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკით იმდეგაცრუებას საპრეზიდენტო კანდიდატის წარუმატებელი შერჩევაც დაემატა. სალომე ზურაბიშვილისათვის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, სიგნალი იყო დასავლეთისათვის, რომ საქართველოს „ევროატლანტიკური“ ვექტორი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული რჩება. თანაც საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი, დიპლომატი ქალი-პრეზიდენტი ძალიან „პოლიტკორექტულად“ ჩანს დასავლეთის თვალში. გარდა ამისა, თვითონ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს: იგი იქ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ დათმო.
ფაქტიურად, სალომე ზურაბიშვილის ღირსებები ამით მთავრდება. რასაკვირველია, მას ვერ უწოდებ „პრორუს პოლიტიკოსს“ - სწორედ მისი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს გავიდნენ საქართველოდან რუსეთის ბაზები. მაგრამ ამომრჩეველმა ვერ გაიგო, თუ რით განსხვავდება სალომე ზურაბიშვილის „პროდასავლური“ პოზიცია გრიგოლ ვაშაძის ასევე „პროდასავლური“ პოზიციისაგან რუსეთთან მიმართებით. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საეჭვოა მოხდეს.
რაც შეხება გრიგოლ ვაშაძეს, იგი, შეიძლება ითქვას, რუსეთში არსებული იმ ქართული დიასპორის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ თავს ე.წ. „პროდასავლურ ელიტად“ და მისი ინტერესების გამტარებელ მიიჩნევს. გრიგოლ ვაშაძემ და მისმა ცოლმა, ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ყველაფერი მიიღეს ჯერ საბჭოთა კავშირიდან, შემდეგ კი რუსეთიდან. გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირისა და რუსეთის წარმატებული დიპლომატი იყო, ნინო ანანიაშვილი კი - მსახიობი, რომელმაც ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა მოსკოვის დიდ თეატრში. როგორც ამბობენ, ამ წყვილს ღვინის ბიზნესი დღესაც რუსეთში აქვთ. ნინო ანანიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ნათლიდედაა, ანუ მისი ვაჟის ნათლია. შეიძლება ითქვას, რომ გრიგოლ ვაშაძე ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრია. „ნაცების“ კანდიდატს რუსეთში იგივე ძალები ლობირებენ, რომლებმაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს ლობირებდნენ და მოსკოვს არწმუნებდნენ - „მიშა კარგი ბიჭიაო“. გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერენ „რუსი ქართველებიც“ - სწორედ ისინი, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს მოსკოვის რესტორნებში საქართველოს გამარჯვებისათვის სადღეგრძელოებს სვამდნენ. და თუ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი გახდება, საქართველოს ხელისუფლებაში „მიშისტების“ მოსვლის შანსი არსებითად გაიზრდება.
p.s. საქართველოში გამართული არჩევნების პირველ ტურს სხვა უცხოური მედიასაშუალებებიც ეხმაურებიან:
ვრცელი ვიდეომასალა გადაიცა ტელეარხ «Дождь»-ის პროგრამა «Здесь и сейчас»-შიც სათაურით „პრორუსი „პარიზელი ქალი“ და პროდასავლელი „მოსკოველი კაცი“: როგორ ირჩევენ საქართველოში პრეზიდენტს“ (ავტორი - ანა მონგაიტი). მასალაში არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიმოხილვის დროს საუბრობს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის პოლიტტექნოლოგი, მოსკოვიდან მოწვეული ვიტალი შკლიაროვი (წყარო: https://tvrain.ru/teleshow/vechernee_shou/gruzija_vybory-474154).
პუბლიკაციები გამოქვეყნდა აზერბაიჯანის პრესაში: გაზეთ «Каспий»-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით „სამოქალაქო გმირობის აქტი: საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა პირველად მისცეს ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ“ (ავტორი - რაუფ ტოფიკოღლუ, წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf).