12-03-2025
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად, სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ქართველიშვილის თქმით, ნურავის ექნება "უკმარისობის" გრძნობა "მხოლოდ" იმ 9 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო. ცხრა იქნებოდა თუ ცხრაასი - მისჯილი წლების ოდენობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა. მთავარი იყო უტყუარი მტკიცებულებებით გაჯერებული ეპიზოდები, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავდნენ სწორედ რომ "ელიტური კორუფციის" რეალურ შინაარსს.
„სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთ კრიმინალურ ეპიზოდს დაუსვა წერტილი ქართულმა მართლმსაჯულებამ - "ელიტარული კორუფციის" საქმეზე ექსპრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთის 9 წელი მიესაჯა. აქედან გამომდინარე წინა განაჩენით პატიმრობაში (სამწუხაროდ, "ციხეში" - კვლავ ვერ ვწერ) გატარებულ 3,5 წელიწადს დღეიდან ემატება კიდევ 5,5 წელიწადი. იმედია, ამ (ჯერჯერობით) დარჩენილ წლებს მის "მზეთუნახაობას" პირდაპირი გაგებით უფრო შესაფერის ადგილს მივუსადაგებთ - გლდანსა თუ რუსთავში.
ნურავის ექნება "უკმარისობის" გრძნობა "მხოლოდ" იმ 9 მილიონი ლარის ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის გამო. ცხრა იქნებოდა თუ ცხრაასი - მისჯილი წლების ოდენობაზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა. მთავარი იყო უტყუარი მტკიცებულებებით გაჯერებული ეპიზოდები, რომლებიც თვალსაჩინოდ ასახავდნენ სწორედ რომ "ელიტური კორუფციის" რეალურ შინაარსს.
ამ განაჩენით, სააკაშვილმა საკმაოდ "პრესტიჟული" კლუბის "საწევრო" მოიპოვა, რომელშიც გაერთიანებულია სამხრეთ კორეის თითქმის ყველა ექსპრეზიდენტი, მათი ფრანგი კოლეგა, ამერიკელი სენატორი თუ ევროპარლამენტის ექს-ვიცე-სპიკერი. ეს ვინმეს "წვრილმან ხულიგნობასთან" არავის შეეშალოს - ეს არის VIP-ელიტების მუხლი! "სასიხარულოა" ასევე, რომ სააკაშვილის პირად მესაიდუმლეს და მის ნათელ-მირონს, გენერალ თემურ ჯანაშიას მხრიდან დიდი ალბათობით გამოძიებასთან შესაძლო (როგორც ჩანს) ნაყოფიერი თანამშრომლობის ფაქტი დაუფასდა - მან უარი განაცხადა საყვარელი "ფარაონის სამარეში" მეგზურობის გაწევაზე. ვერ მივიდა კლასიკური "სანჩო პანსას" ზნეობრივ კატეგორიამდე პატრონისადმი თავის ერთგულებაში. მაგრამ, ამ სავარაუდო ადამიანური სისუსტის გამო, თანაპარტიელებს ქვებით რომ არ ჩაექოლათ იმ შემთხვევაში, თუ "უფასოდ" გამოძვრებოდა სასამართლოდან - არ არის გამორიცხული, რომ 300 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრება მან თავადვე მოითხოვა. ასეთი "მიზერული" თანხის გადახდა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს...“-წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.