31-10-2018
მოქალაქეები, რომლებიც თბილისში საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ, GWP-ის მიერ წყლის გადასახადის საყოფაცხოვრებოს ნაცვლად, კომერციული ტარიფით დარიცხვას და დაკისრებულ ჯარიმებს აპროტესტებენ. ისინი კომპანია GWP-ის მარეგულირებელ კომისიაში (სემეკ) უჩივიან. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
მოქალაქეთა ინტერესებს სემეკში ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი იცავს, რომელიც ამბობს, რომ თუ მარეგულირებელი მოქალაქეებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, კომპანიის წინააღმდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდება.
"ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოგვმართა GWP-ის წინააღმდეგ საჩივრით. გამოიკვეთა ასეთი სურათი, რომ ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს აქირავებენ Booking.com-ის ან Airbnb-ის საშუალებით, GWP წყლის გადასახადის გადახდას სთხოვს სამეწარმეო ტარიფით. კომპანიამ მიიჩნია, რომ ეს მოქალაქეები ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და აქედან გამომდინარე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება", - თქვა ენერგოომბუდსმენმა.
სალომე ვარდიაშვილის განმარტებით, GWP-ის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. ვარდიაშვილი განმარტავს, რომ მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ ფართებს საცხოვრებელი მიზნით აქირავებენ, არ არიან მეწარმეები.
GWP-ში ენერგოომბუდსმენის შენიშვნებს არ ეთანხმებიან. კომპანიის კომერციული დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას თქმით, როცა საცხოვრებელი ტურისტებზე დღიურად ქირავდება, ზუსტად ისეთივე ტიპის მოხმარებაა, როგროც სასტუმროში.
"Booking.com-ით ან Airbnb-ით ბინების ყოვლელღიურ გაქირავებასა და ბინის ხანგრძლივად ფიზიკურ პირზე გაქირავებას შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება და გეტყვით რატომ? როდესაც Booking-ზე და Airbnb-ზე აქირავებს ადამიანი ბინას, ეს არის ტიპური სასტუმროს ტიპის გაქირავბება, რადგან დროებითი მომსახურება ახალი სტუმრის ხდება ისე, რომ ის არც დენის, არც წყლის, არც ბუნებრივი აირის გადასახადს არ იხდის და იმ საფასურში, რომელსაც იხდის 1, 2 ან 3 დღით ქირაობისათვის, შედის ყველა ზემოთ აღნიშნული მომსახურება. მათ შორის ხშირ შემთხვევაში დალაგებაც. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ბინა არის გაქირავებული ხანგრძილვი ვადით და ფიზიკური პირის მიერ ხდება წყლის მოხმარებაც და გადასახადის გადახდაც", - აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.
სემეკის გადაწყვეტილება მოქალაქეების საჩივარზე გადაწყვეტილება 1 ნოემბერს გახდება ცნობილი.
16-11-2024
16-11-2024