გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 30, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია აზია-ოკეანეთის საერთაშორისო განათლების ასოციაციის წლიურ გამოფენაში მონაწილეობს

26-03-2025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ინდოეთში მიმდინარე აზია-ოკეანეთის საერთაშორისო განათლების ასოციაციის წლიურ გამოფენაში (APAIE  - Asia-Pacific Association for International Education) 2025) მონაწილეობს. თსუ პირველად წარმოადგენს საკუთარ საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ამ ფორუმზე.


„ათასზე მეტი უნივერსიტეტია წარმოდგენილი გამოფენაზე და ბუნებრივია, ქართულ უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვს მათთან დაამყარონ საერთაშორისო თანამშრომლობა. ეს ხელს უწყობს როგორც სტუდენტების გაცვლას, ასევე უცხოელი სტუდენტების მოზიდვას საქართველოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პარტნიორი უნივერსიტეტების ფართო საერთაშორისო ქსელი აქვს. ვიმედოვნებთ, რომ დამყარდება ახალი კავშირები და ეს გამოფენა კიდევ უფრო გაზრდის იმ უცხოელი სტუდენტების რიცხვს, რომლებიც დაინტერესდებიან თსუ-ში სწავლით, ასევე ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა სხვადასხვა პროგრამით ისწავლონ ახალ პარტნიორ უნივერსიტეტებში,“-   განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


თსუ-ს მონაწილეობა APAIE 2025-ში ხაზს უსვამს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიას და ახალი რეგიონებისკენ მიმართული თანამშრომლობის გაღრმავების მიზანს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ევროპელ, აზიელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევებისა და სასწავლო პროექტების გაფართოებას.


გამოფენაზე მოწყობილ თსუ-ს სტენდთან დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვს ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიის საშუალებით დაათვალიერონ უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსები. ვიზიტორებს მიეწოდება  ინფორმაცია უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე და საერთაშორისო შესაძლებლობებზე. ინტერაქციული გამოცდილება საშუალებას მისცემს დამთვალიერებლებს, უფრო ახლოს გაეცნონ თსუ-ს როგორც მრავალწლიან ტრადიციებს, ასევე, თანამედროვე აკადემიურ გარემოს.


 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ავითარებს საერთაშორისო კავშირებს და ქმნის შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის გლობალური განათლების მიღების მიზნით. APAIE 2025-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თსუ-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესში.


APAIE  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა საერთაშორისო განათლების სფეროში, რომელიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს, კვლევით ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31