გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ გერმანული უნივერსიტეტების რექტორებს უმასპინძლა

2-04-2025

გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია 20 გერმანული უნივერსიტეტის რექტორებს, პრეზიდენტებსა და ვიცე-რექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი თსუ-სა და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი ურთიერთობების დამყარებას შეეხო.

 

გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) პრეზიდენტმა  კარლ შტოფელმა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  ღონისძიებას DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი, კობლენცის უნივერსიტეტისა და თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეთანხმების მიხედვით საფუძველი ჩაეყრება ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებას მიმართულებით „მდგრადი ტრანსფორმაციის მენეჯმენტი“ (Sustainable transformation management). ერთობლივ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.  მემორანდუმი შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში ამოქმედდეს საბაკალავრო პროგრამა და სტუდენტების პირველი ნაკადიც მიიღოს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს. 2016 -2023 წლებში, პროფესორ მაგდალენა შტუელბის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად იმართებოდა კავკასიის საზაფხულო სკოლა ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც მონაცვლეობით თსუ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი მასპინძლობდა. ამ წლების განმავლობაში, აღნიშნული საზაფხულო სკოლის ფარგლებში, უამრავი გერმანელი სტუდენტი და პროფესორი ესტუმრა თბილისს და გაეცნო საქართველოს.

 

გარდა ამისა, თსუ-სა და კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ერზმუს პლუსის“ პროგრამის ფარგლებშიც. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალი სტუდენტი და პროფესორი ეწვია გერმანიას და ქალაქ რემაგენში გაცვლითი სემესტრი სრულად გაიარა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930