გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პირობები გაუმჯობესდა

17-04-2025

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ ცვლილებები შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


სამინისტროს ცნობით, გაფართოვდა პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი. პროგრამა განხორციელდება სოფელ კაჭრეთზე და საგარეჯოს, გორის, ქარელის მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელზე.


პროგრამაში შესული ცვლილებებით, გაიზარდა ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი. პროგრამით გათვალისწინებული ყველა მიზნობრიობის თანადაფინანსება განისაზღვრა 50%-ით, ახალგაზრდებისათვის - 55 %-ით, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვის - 60%-ით. ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 30 000 ლარი შეადგენს.


პროგრამის მიზნობრიობებს დაემატა მცირეგაბარიტიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსება. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განსხვავებულია ტექნიკის სიმძლავრის მიხედვით და მერყეობს 1000 ლარიდან 5000 ლარის ფარგლებში.


იმისათვის, რომ პროგრამამ მოიცვას რაც შეიძლება მეტი ბენეფიციარი, პროგრამით მოთხოვნილი მიწის ფართობის სავალდებულო მინიმუმი 0.5 ჰა-დან 0.2 ჰა-მდე შემცირდა.


პროგრამით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, ფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის, ასევე, მარწყვისა და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობა.


აღსანიშნავია, რომ პროგრამა სახელმწიფოს სახსრებით და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ შემადგენელი ნაწილია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031