5-11-2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემა, «The Washington Times»-ი ნატოს გაფართოების პერსპექტივების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც, ბუნებრივია, საუბარი საქართველოსა და უკრაინის შესახებაცაა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი გთავაზობთ ტოდ ვუდის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) 1940-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, რათა წინ აღდგომოდა საბჭოთა კომუნისტურ ექსპანსიას ევროპაში.
რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დღეს, ნატო სრულიად სხვა საქმითაა დაკავებული. ამიტომ მე დავსვამ ნამდვილად რთულ კითხვას: რატომ აგრძელებს ნატო გაფართოებას? ეს უნდა შეწყდეს. ეს სიგიჟეა.
ამერიკულმა საზოგადოებამ დონალდ ტრამპი უფრო მეტად იმისთვის აირჩია, რომ იგი ამერიკას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე ომებში ჩარევისაგან შეაკავებდა - ანუ ისეთ ომებში, რომლებიც აშშ-ის უსაფრთხოებას და მის ეროვნულ ინტერესებს არ ემუქრება. დონალდ ტრამპი იმისთვის არ აურჩევიათ, რომ მან ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოებას რუსეთის საზღვრებისაკენ.
მე მესმის, რატომ და რა მიზეზით გრძნობენ საფრთხეს აღმოსავლეთევროპელები და კავკასიელები, მათი ისტორიისა და რუსეთის სიახლოვის გათვალისწინებით, მაგრამ... მოდით, პირდაპირ ვიტყვი - ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ დავეხმარებით თავისუფლების დაცვაში. ჩვენ შეგვიძლია მათ სამხედრო საქმე შევასწავლოთ, აღვჭურვოთ, იარაღი მივყიდოთ და მხარდაჭერის სხვა ფორმები შევთავაზოთ, მაგრამ... ისეთი ქვეყნების გულისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. ეს აბსოლუტური უაზრობა იქნებოდა. გვეყო ასეთ საკითხებზე თავის მტვრევა. უნდა შევჩერდეთ.
არ უნდა მივცეთ ამ ქვეყნებს იმის იმედი, რომ მათ ამერიკული ბირთვული ქოლგა ან ნატო დაიცავს. უფრო უკეთესი იქნება, თუ ისინი საკუთარ თავს თვითონ დაიცავენ. იქნებ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალიანსი შექმნან, რომელიც მიმართული იქნება აგრესორის წინააღმდეგ და ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ? რატომ უნდა იყოს აშშ მათი დაცვით დაკავებული?
მე არც მარიონეტი ვარ და არც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი თაყვანისმცემელი. მე რეალისტი ვარ, ბევრი რამ ვიცი დედამიწის ამ ნაწილის შესახებ. იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უგუნურებაა.
აბა, მოდით, ასე წარმოვიდგინოთ: რა იქნებოდა, თუ ტეხასი აშშ-ის შემადგენლობიდან გამოვიდოდა, დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა (ამის პრეცედენტი იყო), მას რუსეთი იარაღით დაეხმარებოდა და შესაძლოა, უასაფრთხოების გარანტიებიც შეეთავაზებინა? როგორ აღიქვამდა ამას ამერიკა? რასაკვირველია, ფაქტია, რუსეთის სახელმწიფოებრიობას რომ საფუძველი უკრაინაში ჩაეყარა, მაგრამ როცა კიევის რუსეთი ოქროს ურდომ დაიპყრო, რუსი მთავრები ჩრდილოეთით, მოსკოვში გადავიდნენ. განა ჩვენს პოლიტიკოს-ექსპერტებს რამეს დაუშავებს ისტორიის სახელმძღვანელოების კითხვა სიმართლის გასაგებად?
მე კრემლი ადრეც არაერთხელ გამიკრიტიკებია მისი ბოროტი მოქმედების გამო და ამას კვლავაც გავაკეთებ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა მთელი მსოფლიოს დამცველი უნდა იყოს. დაე, სხვებმა საკუთარი თავი თვითონვე დაიცვან. ამერიკელი ქალები და კაცები არ უნდა გახდნენ იძულებულნი საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენონ კიევისა და თბილისის დასაცავად. შეიძლება ჩემი ნათქვამი ვინმემ უხეშად ჩათვალოს, მაგრამ ეს სიმართლეა.
ვიმეორებ: ჩვენ მათ დავეხმარებით, მაგრამ ნატოს როლისა და მიზნების ცვლილება საფრთხეებს ზრდის. გარდა ამისა, აშშ-ის იმედით ყოფნამ შეიძლება ზოგიერთი სახელმწიფო აგრესიული მოქმედებისაკენ წააქეზოს. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთთან ომობენ - ნუთუ ეს თეთრ სახლს დაავიწყდა? რატომ აძლევს ნატო და აშშ უკრაინას იმის იმედს, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ ნატოში მაინც გაწევრიანდება? ვინმე ხართ საქმის კურსში, რომ ამას წინათ უკრაინაში სამხედრო წრთვნების დროს ამერიკელი მფრინავი დაიღუპა? ვინმემ იცით, რომ კიევი კორუფციაში იხრჩობა? რომ უკრაინაში მექრთამეობა ყვავის? ვინმე ხართ საქმის კურსში, რომ ქვეყანაში ეგოისტური ოლიგარქია ბატონობს და იქაური ოლიგარქები ფულს სეპარატისტული საზღვრის ორივე მხარეს აკეთებენ?
მოდით, გულახდილად ვთქვათ: ნატო აშშ-ის გარეშე არაფრის გამკეთებელი არ არის. გერმანიას მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავის ჰაერში აფრენა შეუძლია... ნატო ნამდვილი სამოკავშირეო ალიანსს არ წარმოადგენს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ნატო ამერიკული უსაფრთხოების ქოლგაა ევროპული სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა თვითონ არ სურთ. რამდენი დროა კიდევ საჭირო, რომ ეს ჭეშმარიტება გავაცნობიეროთ?
მე სრულიად მხარს ვუჭერ თავისუფლებას. აშშ-ის არმიაშიც ვმსახურობდი. მე პატივს ვცემ ქართველებს და უკრაინელებს, ისინი ნამდვილად კარგი ადამიანები არიან და ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ, თავიანთი მიზნებისა და ოცნებების შესასრულებლად. მაგრამ დროა შევაჩეროთ ალიანსის საზღვრების აღმოსავლეთით გადაწევა.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვმა განაცხადა, რომ თუ საქართველო ან უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან, „რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოსო“. მე ეს მართლაც საფრთხედ მიმაჩნია. კაცმა რომ თქვას, რუსებს სხვა არჩევანი არც აქვთ. ამგვარ სიტუაციაში რუსეთის ყოველი ლიდერი, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, იძულებული გახდება ან იმოქმედოს, ან გადადგეს. და თუ ის იმოქმედებს, ომი გარდაუვალი იქნება. ვიღაცას ძალიან უნდა ომის დაწყება. ჩვენი ახალგაზრდების სახელით ვამბობ - ეს უნდა შეჩერდეს.
---------
ტოდ ვუდი - ყოფილი სამხედრო მფრინავი, ამჟამად სამხედრო მიმომხილველი. იბეჭდება Fox Business-ში, National Review-ში, The New York Post-ში და სხვა გამოცემებში.