5-11-2018
"გასულ თვეებში (სექტემბერ-ოქტომბერში) ლეიფციგიდან თბილისში ორი ჩარტერული ავიარეისი განხორციელდა - თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს 100-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. მიგრანტების გაძევება სპეციალურად ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ხელისუფლებისათვის „იაფი სიამოვნება“ ნამდვილად არაა: საქსონიაში მოქმედ ლტოლვილთა საბჭოს მონაცემებით, ხარჯებმა შეიძლება 95 ათას ევროს მიაღწიოს.
საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად ფედერალური მხარის ტერიტორიაზე საქართველოს 511 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მიღებაზე და რომლებიც ვალდებულნი არიან გერმანია დატოვონ"-ამის შესახებ გერმანული მედიაკონცერნის, «Deutsche Welle»-ს ეთერში გასულ სიუჟეტშია ნათქვამი, რომელიც მთლიანად ქართველ ემიგრანტებს მიეძღვნა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სიუჟეტიდან:
"საქსონიაში ქართველი მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ქართული ენის მცოდნე თარჯიმნებზე მოთხოვნის ზრდასაც იწვევს. მხარის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საქსონიის ფედერალური მხარის საპყრობილეებში მყოფ პატიმრების თითქმის მესამედი უცხოელია, თანაც ქართველები რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილს იკავებენ (წინ მხოლოდ პოლონეთი, ტუნისი და ლიბიაა). შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები თარჯიმნებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდა: 104 ათასი ევროდან 2015 წელს 534 ათას ევრომდე 2018 წელს. ქართული ენა ისეთი ენების რიცხვში შედის, რომლის მცოდნე თარჯიმნებზე დიდი მოთხოვნილებაა - სადღეღამისო „ცხელი ხაზების“ მეშვეობით გამოძახებისათვის - პოლიციებში, სასამართლოებში და საავადმყოფოებში.
როგორც ეთერ ხახმანი ვარაუდობს, ბევრ ქართველ მიგრანტს არ სურს, რომ მათი „საქმენი საგმირონი“ სამშობლოში გაიგონ: ისინი ნათესავებს ეუბნებიან, რომ გერმანიაში მუშაობენ ან უნივერსიტეტებში სწავლობენ, სინამდვილეში კი ლტოლვილთა განთავსების ცენტრში, მავთულხლართების მიღმა სხედან"-ნათქვამია სიუჟეტში.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge