8-11-2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ჰელსინკში, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას შეხვდა. ჰელსინკში პოლიტიკოსები "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობას ესწრებიან.
სააკაშვილის თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოა".
"მნიშვნელოვანია, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ "ევროპის სახალხო პარტიამ" გადამწყვეტი როლი ითამაშა "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში.
გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი.
ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შორის, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო, ეს ვლინდებოდა მათ განცხადებებში ერთმანეთის მიმართ. სააკაშვილი და უგულავა ერთმანეთის კრიტიკას არც სოციალურ ქსელში ერიდებოდნენ.
"ევროპული საქართველო" არ წარმომადგენს მე! ეს ყოფილი ჩვენი ხალხია (მართალია დაგვტოვეს, მაგრამ ბევრი სხვა მოგვემატა პრინციპით "იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა", მაგრამ საქმის გაკეთებაზე, აბა, რა გითხრათ - მე მათ ბევრი რამ ვასწავლე, ხეზე ასვლის გარდა… და ხალხს რომ დაეხმარო, ეგეც უნდა იცოდე" - წერდა მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რასაც მოგვიანებით გიგი უგულავაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ "მათ მხოლოდ წარსული აერთიანებთ".
"ევროპული საქართველო" ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. "ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს...
დღეს ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვართ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა. და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც - დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ "მე, მე, მე, მე"-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის“ - მიმართა სოციალურ ქსელში უგულავამ სააკაშვილს.
16-11-2024
16-11-2024