გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ეგვიპტის უძველეს სამარხში ათობით კატის მუმია აღმოაჩინეს

12-11-2018

2500 წლის წინანდელ ძველეგვიპტურ ნეკროპოლისში უცნაური მუმიები აღმოაჩინეს. გამორჩეულ პერსონათა ნაცვლად, სარკოფაგში ათობით მუმიფიცირებული კატა და ხოჭო იმალებოდა.


მიუხედავად ასეთი საოცარი აღმოჩენისა, მთავარი განძი შესაძლოა, ჯერ წინ იყოს. სამარხების კომპლექსის კვლევისას, არქეოლოგებმა მავზოლეუმის დალუქული კარს მიაგნეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასში ათასობით წლის განმავლობაში ხელუხლებელი არტეფაქტები უნდა იყოს.


სამარხები, რომლებიც რამდენიმე სარკოფაგს მოიცავს, საქარაში, ფარაონ უსერკაფის პირამიდების კომპლექსში აღმოაჩინეს.


მათ შორის არის შვიდი საფლავი, რომელთაგან ოთხი ძველი სამეფოს პერიოდს მიეკუთვნება (ძვ. წ. 2 686 — 2,181 წ. წ.). ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ცნობით, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მეხუთე დინასტიის პერიოდისაა და ეკუთვნის კაცს, სახელად ხუფუ-იმჰატს, რომელიც სამეფო სასახლის ნაგებობათა ზედამხედველი იყო.



დანარჩენი სამი საფლავი გაცილებით ახალია და ეკუთვნის გვიანდელ პერიოდს, რომელიც ძვ. წ. 664 —332 წლებში გრძელდებოდა. ამ სამარხებში დაკრძალულია მუმიფიცირებული კატები. ასევე აღმოჩენილია ათეულობით კატის მოვარაყებული ქანდაკება და კატისთავიან ღვთაება ბასტეტის ბრინჯაოს სკულპტურა.


მუმიფიცირებული კატები და სხვა ცხოველები სინამდვილეში სულაც არ არის უჩვეულო. მკვლევართა ვარაუდით, ძველ ეგვიპტეში საერთო ჯამში 70 მილიონი სხვადასხვა ცხოველის მუმიფიცირება უნდა მომხდარიყო. მათ შორის არის ისეთი წმინდა ცხოველები, როგორებიც იყო იბისი, ნიანგები, კატები და ძაღლები.

მაგრამ საქარის სამარხების კომპლექსი, რომელიც იმ დროის დედაქალაქ მემფისს ემსახურებოდა, შეიცავს უიშვიათესობას — მუმიფიცირებულ ხოჭოებს, რომლებიც ხოჭოების გამოსახულებებით დეკორირებულ სარკოფაგშია დამარხული.



ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, მუმიფიცირებული ხოჭოები მართლაც დიდი იშვიათობაა და მსგავსი რამ აქამდე არასოდეს აღმოუჩენიათ.


პირველ სარკოფაგში ორი საკმაოდ კარგად შენახული ხოჭო აღმოჩნდა, მეორეში კი რამდენიმე პატარა ხოჭო.


ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს განცხადებით, ეს გახლავთ მუმიფიცირებული ხოჭოების აღმოჩენის პირველი შემთხვევა მემფისის ნეკროპოლისში.



თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გველებით მოხატულ ხის სარკოფაგში აღმოჩნდა მუმიები, ნიანგის ფორმის ხის ორი სარკოფაგი და სხვადასხვა ღმერთებისადმი მიძღვნილი ასობით ამულეტი.


რაც შეეხება ნეკროპოლისში აღმოჩენილ დალუქულ კარს, მის გახსნას არქეოლოგები რამდენიმე უახლოეს კვირებში გეგმავენ.


მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930