13-11-2018
რუსეთი სამხრეთ ოსეთის გამოყენებით უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს – დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკას და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას – აფინანსებს.
ფინანსური სქემის დეტალებზე რუსული გამოცემა Meduza წერს
ფინანსური სქემის ამოცანა
ფინანსური სქემის ამოცანა მარტივია – უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებს საბანკო ბლოკადა გამოუცხადა და მათთვის რუსეთთან პირდაპირი ანგარიშსწორება შეუძლებელია. მოსკოვს ამ ტერიტორიებზე ფინანსური ნაკადების ლეგალიზება უნდა მოეხდინა, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დაერღვია მინსკის შეთანხმება, რომელიც კიევის თანხმობის გარეშე, აღმოსავლეთ უკრაინაში გადარიცხვებისა და ბიზნესის წარმოების უფლებას არ იძლევა.
როგორ მუშაობს ფინანსური სქემა
ყველაფერი იმას ეფუძნება, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხოლო რამდენიმე ხნის წინ თავად სამხრეთ ოსეთმა აღიარა უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე რესპუბლიკების დამოუკიდებლობა (აფხაზეთს ეს აქამდე არ გაუკეთებია).
ის კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლების დაფინანსებაც მოსკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში სურს, სამხრეთ ოსეთში რეგისტრირდებიან – ამ ეტაპისთვის აქ უკვე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან ორასზე მეტმა კომპანიამ გაიარა რეგისტრაცია.
სამი წლის წინ სამხრეთ ოსეთში შეიქმნა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი. ფინანსური ტრანზაქციები უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე რესპუბლიკებსა და რუსეთს შორის სწორედ მისი საშუალებით ლეგალიზდება.
მოსკოვთან შეთანხმების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის ფირმების ოსური წარმომადგენლობები განსაკუთრებულ საგადასახადო რეჟიმში არიან და ადგილობრივ ხაზინას მოგების მხოლოდ ერთ პროცენტს უხდიან. ამიტომაც, მათგან საბიუჯეტო შემოსავლები მაღალი არ არის – 2017 წელს სულ 20 მილიონი რუბლი (დაახლოებით $300 ათასი) შეადგინა.
თუმცა, სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტისთვის დახმარების გაწევის ამოცანა არც მდგარა.
„თუკი ხელისუფლებამ (ამგვარი) გადაწყვეტილება მიიღო, მე მას მხარს ვუჭერ, – უთხრა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „მედუზას“ კორესპონდენტს. – სამხრეთი ოსეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ამ იურიდიულ პირებს ფეხზე წამოდგომაში დაეხმაროს, თუნდაც ნახევარი პროცენტი იყოს, ან სულაც არ იყოს არავითარი პროცენტი“.
თავად საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის კომპანიების ანგარიშებს ემსახურება, დღეს სამხრეთ ოსეთში ყველაზე მსხვილი გადამხდელია – 2017 წელს მან ადგილობრივ ბიუჯეტში 14 მილიონი რუბლი (დაახლოებით $200 ათასი) გადარიცხა.
ყველაზე მსხვილი ოლიგარქები აღმოსავლეთი უკრაინიდან ბიზნესს სამხრეთ ოსეთის საშუალებით აწარმოებენ
ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში დონეცკის რეგიონის ყველა მსხვილი საწარმო (მაგალითად, ენაკიევის და მაკეევის მეტალურგიული ქარხნები, ქარხანა „დონეცკსტალი“, ხარციზის მილების ქარხანა და სხვა,) რეგისტრირდებოდნენ როგორც სამხრეთოსური კომპანია „ვნეშტორგსერვისის“ ფილიალები.
2018 წლის დასწყისში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრ ზახარჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ეს კომპანია „იმ ქარხნების „დროებით ადმინისტრატორად“ დანიშნა, რომელთა უმრავლესობაც უკრაინის ყველაზე მდიდარ ადამიანს რინატ ახმეტოვს ეკუთვნოდა.
იგივე მოხდა ლუგანსკის ოლქში არსებულ ახმეტოვის კომპანიებთან დაკავშირებითაც: „ვნეშტორგსერვისს“ მმართველობაში გადაეცა „კრასნოდონუგოლი“ – მსხვილი ნახშირმომპოვებელი საწარმო 12 ათასი თანამშრომლით, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას.
გაზეთი „კომერსანტი“ მოჰყვა, რომ რეალურად სამხრეთ ოსეთში დარეგისტრირებულ „ვნეშტორგსერვისს“ აკონტროლებს სერგეი კურჩენკო – ბიზნესმენი, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ოჯახის ახლობელია.
კურჩენკო 2014 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს. მისი კომპანია „გაზ-ალიანს“-ისა და „ვნეშტორგსერვისის“ კავშირის თაობაზე აშშ-ს ფინანსთა სამინისტროშიც კი განაცხადეს, რომელმაც 2018 წლის იანვარში ამ ორივე კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
16-11-2024
16-11-2024