20-01-2018
„საქართველოს პრეზიდენტმა თავისი საარჩევნო კამპანიის სტარტი მისცა - ასე შეაფასა ბევრმა ჩვენ მეზობელ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურის განცხადებებს, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერდა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ყოველდღიურ გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSPGE გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა თავისი წინამორბედის - მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი საქართველოს სასამართლო სისტემა, პარალელურად კი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებაც: მან აღნიშნა, რომ იგი ამ სისტემას წლების განმავლობაში ებრძოდა, დღეს კი ქართული სასამართლო ხელისუფლებისათვის, „ქართული ოცნებისათვის“ კომფორტული გახდა. პრეზიდენტმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი მის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებით არის დაკავებული. გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზეც, რომელიც ექს-პრეზიდენტს მისი საკონსტიტუციო უფლების თითქოსდა არასწორად გამოყენების გამო მიუსაჯეს. მისი აზრით, პროკურატურის ბრალდება და სასამართლოს მიერ ამ ბრალდების საფუძველზე გამოტანილი განაჩენი საქართველოს რეპუტაციისათვის შემლახველია.
მოკლედ, გიორგი მარგველაშვილმა თავისი გამოსვლით კვლავ დაადასტურა (უკვე მერამდენედ!), რომ იგი აგრძელებს მმართველი პარტიის პოლიტიკის კრიტიკას, ანუ იმ პარტიისა, რომლის წყალობით თავის დროზე პრეზიდენტი გახდა. ყველას გვახსოვს, რომ სწორედ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა მთავრობაში და შემდეგ კი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე იმ დროს უცნობი თბილისელი პოლიტოლოგი. არჩევნების დროს მილიარდერის მიერ დახარჯულმა თანხებმა თავისი შედეგი გამოიღო, აქტიური პიარ-კამპანია იმით დასრულდა, რომ 2013 წელს ქართველმა ამომრჩეველმა ხმა სწორედ გიორგი მარგველაშვილს მისცა. მაგრამ შემდეგ საქმე ისე არ წავიდა, როგორც მილიარდერს სურდა: პრეზიდენტი ურჩი გამოდგა და მხარი არ დაუჭირა „ქართული ოცნების“ იდეებს.
2018 წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ცხადია, გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხზეც ისაუბრა. იგი არ გამორიცხავს თავის მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს არ აჰყვება..
ისმება კითხვა: რამდენად სარისკოა პრეზიდენტისთვის მმართველი ძალის კრიტიკა? ბიძინა ივანიშვილს ხომ ახლაც აქვს შესაძლებლობა და ბერკეტები იმისათვის, რომ ვინც მას უნდა, პრეზიდენტადაც ის მოიყვანოს? მით უმეტეს, რომ მარგველაშვილის ტელეგამოსვლის შემდეგ გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოცხადდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ მთავრობის წარმომადგენელი იქნებაო.