16-11-2018
პოლონეთში, საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართულ მხარეს ოფიცერი გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის საკუთრებაში არსებული, ფრანგი კარტოგრაფის, გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ამ რუკის ასლი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.
არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი წარმოადგენს იმ დროისთვის კავკასიის ყველაზე სრულყოფილი რუკის ორიგინალს, რომელიც 1713-1716 წლებში, ლუდოვიკო XIV-ის კარზე სტუმრობისას, სულხან-საბა ორბელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაციით იქნა შედგენილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, ლიდია შუბერტ-ვარდისიანმა, მისი მეუღლის, გიორგის სახელით, რუკა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს გადასცა, გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის წევრები, პოლონეთში ქართული დიასპორის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.