20-11-2018
თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, «Anadolu Ajansı»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ქვეყანაში“, მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, მეშვიდედ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები და დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, მოცემულია სიტუაციის განვითარების პროგნოზები (ავტორი - გექთურქ თიუსუზოღლუ, თურქეთის გირესუნის უნივერსიტეტის პროფესორი).
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის მიმოხილვას, ზოგიერთი ეპიზოდის თავისუფალი თარგმანით:
პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი აგრეთვე არჩევნების წინ შექმნილ ვითარებას, საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრეზიდენტის როლს ქართულ სახელმწიფოში და აღნიშნულია, რომ „ეს არჩევნები უკანასკნელია, როცა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მეთაურს პირდაპირი ხმის მიცემით ირჩევენ. ეს გარემოება ვნებათაღელვის ტემპერატურას გარკვეულწილად მაღლა სწევს“.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტობის ორი კანდიდატის ზურგს უკან მდგომ ფიგურების როლზე ქართულ პოლიტიკაში:
ბიძინა ივანიშვილი - „ყველაზე მდიდარი ქართველი“, რომელმაც ქონება რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა. იგი ისეთი ლიდერია, რომელიც უპირატესობას უკანა პლანზე ყოფნას ამჯობინებს, თუმცა სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა ოპოზიციურმა კოალიციამ მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდა და ჩრდილში გადავიდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ქვეყნის მთავრობაზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ახლოს უნდა ყოფილიყო, იგი მოსკოვისაგან იმედგაცრუებული დარჩა, რადგან რუსეთი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს კვლავ დამოუკიდებლად აღიარებდა. „ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახლო კავშირები დაამყარა ევროკავშირთან, მიიღო უვიზო რეჟიმი“, - აღნიშნავს ავტორი და ხაზს უსვამს - „მმართველი პარტიის ყველა წარმომადგენელი აცხადებს - თბილისის მთავარ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს“. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები შედარებით ფრთხილად ეკიდებიან ნატოში გაწევრიანების საკითხს, მათ იციან, თუ როგორ რეაგირებს ამ საკითხზე მოსკოვი და ამიტომ არ სურთ 2008 წლის აგვისტოს ომის გამეორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოქმედებამ გამოიწვია. უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ პრაგმატული და დაბალანსებული მიდგომაა ქართულ პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.
მიხეილ სააკაშვილი - ყოფილი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაამაარსებელი და ხელმძღვანელია, რომელიც მხარს უჭერს კოალიცია „ძალა ერთობაშია“-ს (მასში „ნაცმოძრაობა“ დომინირებს) კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. მიხეილ სააკაშვილი ჰარვარდდამთავრებული დიპლომირებული იურისტია, დასავლური პოზიციით, იგი საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების აქტიური მომხრეა, იმავდროულად კი ანტირუსული პოლიტიკით, ვლადიმერ პუტინის მიმართ კრიტიკით მან საქართველო 2008 წლის ომამდე მიიყვანა და თავისი ქვეყანა ფაქტიურად სამ ნაწილად გაჰყო. ამ ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რეპუტაცია ძალიან შეელახა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიის დამარცხებისა და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა. მოგვიანებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორი ასევე აღწერს ექს-პრეზიდენტის უკრაინულ ოდისეას, პეტრო პოროშენკოსთან მეგობრობასა და მტრობას.
„მას შემდეგ, რაც უკრაინიდან იქნა გაძევებული, [ჰოლანდიაში მყოფმა] მიხეილ სააკაშვილმა იმედის მზერა კვლავ საქართველოს მიაპყრო და თავისი პარტიის - „ნაცმოძრაობის“ მოქმედების კოორდინირება დაიწყო. ექს-პრეზიდენტს ამჟამად არცერთი ქვეყნის - არც საქართველოს და არც უკრაინის მოქალაქეობა არ აქვს. ამ ეტაპზე მისი მოქალაქეობის მიღების საკითხი საკმაოდ სადაოა და იურიდიულად გადაწყვეტილი არ არის, თუმცა იგი მაინც ცდილობს საქართველოს პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სიტუაცია საინტერესო კონტექსტით განვითარდება. ისიც უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი ამჟამად ძველებურად პოპულარული აღარ არის და უპირატესობით არ სარგებლობს არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში - მისივე ამბიციური, გაუწონასწორებელი და არაპროგნოზირებადი ქცევის გამო“, - მიუთითებს ავტორი.
„ორი პოლიტიკოსი და მათი პარტიები საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეეჯახნენ, თავიანთი კანდიდატების სახით.
სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი იყო და მათ შორის მასშტაბური დაპირისპირება მოხდა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა და ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო“, - აღნიშნავს ავტორი და ყურადღებას საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიულ მომენტებზეც ამახვილებს. „სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირიც უპირატესობას ანიჭებს, მისი ფრანგული და ევროპული დიპლომატიური კარიერის გამო“, - ხაზს უსვამს თურქი პროფესორი და ფრანგი დიპლომატის ოპონენტს - საბჭოთა წარსულის მქონე დიპლომატის პოლიტიკურ პორტრეტსაც „ხატავს“:
„გრიგოლ ვაშაძესაც, თავისი მოწინააღმდეგის მსგავსად, დიპლომატის ბიოგრაფია აქვს - იგი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, მოსკოვში, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა. 1990-2008 წლებში მოსკოვსა და ნიუ-იორკს შორის მოძრაობდა, დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. როცა მიხეილ სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა (პარლამენტის სპიკერად არჩეული დავით ბაქრაძის ნაცვლად), მას საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეობა შენარჩუნებული ჰქონდა. გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის გამოირჩეოდა „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისადმი ლოიალური დამოკიდებულებით, იცავდა მათ ინტერესებს მაშინაც კი, როცა „ნაცმოძრაობას“ ზოგიერთი ლიდერი გამოეყო და ახალი პარტია შექმნა „ევროპული საქართველოს“ სახით.
სტატიის დასასრულს თურქი პროფესორი პროგნოზებს აკეთებს:
მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ, თავის ოპონენტთან შედარებით, ხმების ნაკლები რაოდენობა მიიღო, მისი მიღწევა მაინც წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. სალომე ზურაბიშვილს მხარს ხელისუფლება უჭერდა და მაინც მხოლოდ 1%-ის სხვაობით გაიმარჯვა. დღეს მეორე ტურის წინ სიტუაცია ისეთია, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა თავიანთ პოზიციას მეორე ტურში ხმის მიცემის დროსაც დაახლოებით იგივენაირად დააფიქსირებენ. თუ გრიგოლ ვაშაძის მომხრეებს დაემატება დავით ბაქრაძის და კიდევ ერთი კანდიდატის - ლეიბორისტ შალვა ნათელაშვილის ხმები (მან მეოთხე ადგილი დაიკავა ხმების რაოდენობით), მაშინ სავარაუდოდ, მეორე რაუნდში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს. და თუ მართლაც ასე მოხდება, საკვირველი არ იქნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეირყეს, მისი სიმტკიცე ეჭვქვეშ დადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
იმდენად, რამდენადაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩატარებული არჩევნები ხშირად პირადი ბრძოლის გამოვლინებადაც ითვლება, განსაკუთრებით დასავლეთისა და რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. მართალია, ორივე კანდიდატი პროდასავლური ორიენტაციისა, მაგრამ თითოეული მაინც თავიანთი ლიდერების - მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის გასაგრძელებლად იბრძვიან. აშკარაა, არჩევნების შემდეგ ორი კანდიდატიდან პრეზიდენტი ვინც არ უნდა გახდეს, თბილისის პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. თავის მხრივ, არც რუსეთი არ დათმობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, ბალანსის შენარჩუნების მიზნით. ცხადია, საქართველო-თურქეთის კარგი ურთიერთობაც არ გაუარესდება, რადგან ანკარას მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს საქართველოსთან მიმართებით: დააკავშიროს თბილისი დასავლეთთან და უზრუნველყოს რუსეთის ზეწოლის შესუსტება.