21-11-2018
როგორც ირკვევა, ბანერების "არა ნაცებს, არა ბოროტებას", რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები არიან გამოსახული, დამკვეთი წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ბიზნესმენი, ალექსანდრე მეგუთნიშვილია."რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა.
"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ალექსანდრე მეგუთნიშვილთან 2013 წელს ჩაწერილი ინტერვიუ. გთავზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
სანდრო მეგუთნიშვილი:
- "რამდენიმე წელია, ბიზნესს მივყავი ხელი. ჩემს მეგობრებს აქვთ ღვინის ქარხანა, რომლის დირექტორიც წინანდალში მე ვარ. 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში დამირეკა კახეთის კუდ-ის თანამშრომელმა, ვინმე ზაზა უზუნაშვილმა - 12 საათზე დათო ლორთქიფანიძესთან უნდა მოხვიდეო. ლორთქიფანიძის კაბინეტში დამხვდნენ თელავის მარნის დირექტორი რამაზაშვილი, თელავის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ყამბარაშვილი და ჯართის მიმღები პუნქტების მფლობელები.
ლორთქიფანიძემ გვითხრა, - ყველამ ათ-ათი ათასი (დოლარი) უნდა მოიტანოთ, ვინც არ მოიტანს, დედას მ...თ, მუშაობის საშუალებას არ მივცემთ, ჩვენზე დიდი მტერი არ ეყოლებაო, თან დაამატა, ჩვენთვის არ გვინდა, ქვეყანას სჭირდება, აფხაზეთის რადიოს უნდა ჩავურიცხოთო (?!). ვუთხარი, მეპატრონე ერევანშია, მე ფინანსური საკითხების გადაწყვეტა არ შემიძლია, თუმცა პირადად 2.000 დოლარს დღესვე მოგართმევთ და როცა მეპატრონე დაბრუნდება, რასაც ყველა გადაიხდის, ჩვენც იმას გადავიხდით-მეთქი (გაგებული მქონდა, რამდენიმე ბიზნესმენისთვის სიცოცხლე ჰქონდათ გამწარებული, კახეთში კუდ-ის ხსენება თავზარს სცემდათ, ის იყო რეგიონის ბატონ-პატრონი - რთვლობას კაი ბიჭი იყავი, ღამის 3 საათზე კუდ-ი რომ დარეკავდა, ქარხანა არ გაგეღო).
ლორთქიფანიძემ თავი დამიქნია და - წადი, წადი, ფული იშოვეო. გამოვედით. თელავის მარნის დირექტორი ვერ იცნო. მკითხა, ვინ არისო, ზურა რამაზაშვილია-მეთქი. მერე რა "ნედავოლნი" ჩანდაო (კაცს 10 000-ს აწერდნენ და თან კმაყოფილიც უნდა ყოფილიყო). ერთ საათში უზუნაშვილმა ისევ დამირეკა - დღესვე თუ არ მოიტან ფულს, საქმე ცუდად წაგივაო. თელავის ბაზარში ნაცნობი მევალუტეებისგან 1.000 დოლარი ვისესხე... მეტი ვერ ვიშოვე-მეთქი. მაგ საქციელზე უფროსები გამწარდებიანო, მითხრა, თან დამემუქრა, მერე ვნახავთ, ფული ვის აქვს და ვის არაო. ნარკომანი არ ვარ და ყაჩაღი, ჩემთვის ვშრომობ და რა უნდა დამაბრალოთ, ან რაში მახდევინებთ ფულს-მეთქი, - მივახალე და გულმოსული წამოვედი.
სამი კვირის მერე ქარხანაში ზურა გრძელიშვილმა მომაკითხა. შორიდან ვიცნობდი, რაღაც პატარა საწარმო ჰქონდა. ჩემთან სამი მუშა იყო - ჩემი ბიძაშვილი ლექსო, გიორგი აბაშიძე და ვალერი ზარნაძე. ზურა შორიახლოს გაჩერდა და ბიჭებს გადახედა. დავუძახე, - მოდი, რითი შემიძლია დაგეხმარო-მეთქი. ჯერ მითხრა, ცალკე მინდა გელაპარაკოო, მერე მოულოდნელად მკითხა, - ყურძენს არ იბარებთო? რა დროს ჩაბარებაა, სექტემბრიდან ვიწყებთ-მეთქი. რა ფასადო.
ჯერ არ ვიცი-მეთქი. წასასვლელად მიბრუნდა, მერე მოტრიალდა და - დედას მ...ვთო. გავოცდი. ჩემი ბიძაშვილი ეცა - ვის ლანძღავო. წაკინკლავდნენ. გრძელიშვილმა დაიყვირა, - ნახეთ, ამ უზრდელობისთვის რაც მოგივათ, კუდ-ის თანამშრომელი ვარო. ელდა მეცა. ლექსოს დავუყვირე, ხელი არ დააკარო, მოგზავნილია-მეთქი. იმ წუთში დავურეკე ჩემს ძმას - გრძელიშვილმა დედა გვაგინა და კუდ-ის სახელით დაგვემუქრა, მიშველე-მეთქი - ჩემი ძმა წინანდლის გამგებელი იყო. წავედით თელავში. გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის მოადგილეები იყვნენ პეტრე კიკნაძე და ალეკო კახიძე. ორივეს მოვუყევი ყველაფერი. კახიძე გუბერნატორთან შევიდა, გამოვიდა და დამამშვიდა, - ნუ გეშინია, ქვეყანა ჩალით კი არ არის დახურული! წადი, იმუშავე, ხელს არავინ გახლებსო.
საღამოს 7 საათი იქნებოდა, შინ დამირეკა უზუნაშვილმა - შენი ნახვა მინდა, ქარხანაში მოდიო. მივედი. დარაჯი გავაფრთხილე, - უზუნაშვილი შემოუშვი-მეთქი. 8 მანქანით მოვიდნენ. ყველა იქ იყო: ლორთქიფანიძე (ოპერაციის ხელმძღვანელი), კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ქოქიაშვილი, თელავის პოლიციის უფროსი ბეჟანიშვილი... აყვირდნენ, - დანარჩენები სად არიანო (ანუ ის სამი მუშა). იმათ რას ერჩით-მეთქი. ლორთქიფანიძემ - ჩემი თანამშრომელი რომ შემოდის, უნდა წამოუდგეთო. ავუხსენი, რომ გრძელიშვილმა თავად დაიწყო გინება, მისთვის ხელი არავის დაუკარებია. გამწარებულმა მივახალე - ეს იმიტომ ხდება, 10.000 რომ არ მოგიტანეთ-მეთქი. ჩამსვეს ბეჟანიშვილის მანქანაში და წამიყვანეს თელავის პოლიციაში. შემიყვანეს ცალკე კაბინეტში. ჩემი ბიძაშვილი და ის ორი ბიჭი თავისი ფეხით მოვიდნენ, მამაჩემი და ჩემი ძმაც მოჰყვნენ. ყველა ცალ-ცალკე შეგვიყვანეს. შემოვიდა გამომძიებელი. 5 წუთში ქოქიაშვილი და ლალიაშვილი (კუდ-ის უფროსი) შემოცვივდნენ. ლალიაშვილი ვერცხლისფერ "ბერეტას" ატრიალებდა, - დაგბრიდავთო. ზურა, შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ ხელი არ დამიკარებია შენი თანამშრომლისთვის-მეთქი. დამიწყეს ცემა, ხელსაც ვერ ვუბრუნებდი...
16-11-2024
16-11-2024