გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიხეილ ჩხენკელი: სკოლის გამოსაშვები გამოცდები, შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს

22-01-2018

სკოლის გამოსაშვები გამოცდები, შესაძლოა, რამდენიმე საგანში გაუქმდეს. აღნიშნულის შესაძლებლობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა„ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში არ გამორიცხა.

 

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, განათლების სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და გამოცდებთან მიმართებაში ცვლილებები შესაძლოა, წელსვე ამოქმედდეს.

 

„ჩვენ, სახელმწიფოს, საზოგადოებას გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები. ყველა სპეციალობაში ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე. ხშირად ვიმეორებ პლუტარქეს გამონათქვამს, რომ „გონება ეს არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო, ეს არის ცეცხლი, რომელიც უნდა დაანთო". სწორედ ეს იქნება ჩვენი დევიზი განათლების ყველა საფეხურზე - სკოლაშიც, პროფესიულ კოლეჯშიც და უმაღლეს საფეხურზეც. გამოცდებიც შესაბამისად უნდა ასახავდეს ამას. ჩვენ ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ გამოცდების ცენტრთან რომ ამ კუთხით წავიყვანოთ გამოცდები. ცხადია, იქ უნდა მოხდეს შემოწმება, რამდენად აქვს მოსწავლეს ინფორმაცია, მაგრამ ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს შემოქმედებითი აზროვნების კუთხით. ცვლილებები გამოცდების კუთხითაც დაგეგმილია და ვმუშაობთ", - განაცხადა მინისტრმა.

 

კითხვაზე - ხომ არ იგეგმება სკოლის გამოსაშვები გამოცდისა და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების გაერთიანება ჩხენკელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ცვლილებები ორივე მხარეს შეეხოს.

 

„გაერთიანება არ არის სწორი ფორმულირება, მაგრამ ორივე ტიპის გამოცდაზე ვმუშაობთ და ცვლილებები შესაძლებელია ორივეს შეეხოს. განსაკუთრებით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. თუმცა, გაერთიანება ნამდვილად არ მოხდება. ეს ორი სხვადასხვა რამეა. სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით გაიგებთ... გაუქმდება თუ არა გამოსაშვები გამოცდები, ვნახავთ. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მოდელზე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდების სისტემა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. გამოცდების ოპტიმიზაცია მოხდება და გამოცდა რეალურად შეამოწმებს ცოდნას. შესაძლებელია, კონკრეტული მიმართულებით ცვლილებები წელსაც იყოს", - განაცხადა ჩხენკელმა.


reportiori.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930