2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ უკრაინული კომპანიები ახდენენ ქართული ღვინის უკანონო იმიტაციას და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ იყენებდნენ.
კერძოდ, უკრაინის ბაზარზე რეალიზაციაში იყო არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილი, საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლოები და აღნიშვნები განაპირობებდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით.
ამით, უკრაინაში ოპერირებადი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები ექმნებოდა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მიმართა უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტს, რომელმაც გამოძიება დაიწყო უკრაინული კომპანია „კამიანკა გლობალ ვაინსის“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE) წინააღმდეგ.
კომიტეტის მიერ, 2017 წლის ოქტომბერში მომზადდა წინასწარი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „კამიანკა გლობალ ვაინსს“, ქართული ღვინის ეტიკეტების იმიტირებით და არასწორი ცნობების გავრცელებით შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებლები და ქმნიდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გარემოს. შედეგად, უკრაინის უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა უკრაინული კომპანიის ქმედებები ცნო „არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვის შესახებ“ უკრაინის კანონის დარღვევად და კომპანიას დააკისრა ჯარიმა 7 010 000 უკრაინული გრივნის ოდენობით. ამასთან ერთად, „კამიანკა გლობალ ვაინსს“ სამომავლოდაც აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებების განხორციელება.
აღნიშნულით, უკრაინაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი ანტიმონოპოლური კომიტეტის მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულების სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.
ღვინის ეროვნული სააგენტო შემდგომშიც გააგრძელებს ქართული ღვინისა და მისი დასახელებების დაცვის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარებას საერთაშორისო ბაზარზე.