27-11-2018
თურქული გამოცემის, «Daily Sabah»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მას გადაწყვეტილი აქვს სამშობლოში დაბრუნდეს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის არჩევნებში მისი თანამოაზრე გრიგორ ვაშაძე გაიმარჯვებს.
ტელეარხ „რუსთავი-2“-ისადმი ინტერვიუში ამჟამად ნიდერლანდებში მცხოვრებმა ქართველმა ექს-ლიდერმა განაცხადა, რომ მას რაიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავებაზე პრეტენზია არ აქვს, თუმცა კარგი იქნება საზღვაო პროექტების ხელმძღვანელად თუ დანიშნავენ, მაგალითად, ანაკლიაში (ლაზიკაში) დაგეგემილ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. „მე განზრახული მაქვს საქართველო გიგანტურ საზღვაო სახელმწიფოდ გადავაქციო. მინდა ვუხელმძღვანელო თავისუფალ ეკონომიკურ ზონას - „ლაზიკას“ და მალე ამ ინიციატივით გამოვალ“, - ციტირებული ექს-პრეზიდენტის განცხადება სტატიაში.
პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ყოფილი მეთაურის პოლიტიკური საქმიანობის შედეგები და პერსპექტივა:
„მიხეილ სააკაშვილი იმ მასობრივი პროტესტების ინიციატორი იყო, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ უწოდეს. ამ საპროტესტო აქციების შედეგად ხელისუფლებას ჩამოშორეს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც საქართველოს თითქმის მისი დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან - 1992 წლიდან მეთაურობდა. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად 2004 წლის იანვარში აირჩიეს და მას ქვეყნის მეთაურის პოსტი 2013 წლის ბოლომდე ეკავა. მისი პრეზიდენტობის პირველი ვადა მაღალ დონეზე იქნა შეფასებული რეფორმებისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა 2008 წელის აგვისტოში რუსეთთან ომით აღინიშნა. ეს შეიარაღებული კონფლიქტი პრეზიდენტის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ გატარებულმა პოლიტიკამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, რუსეთსაც ჰქონდა განზრახვა - ეჩვენებინა თავისი ძალა, თუ ვინ ვინ იყო რეგიონში.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის დასასრულს სამშობლოში პრობლემები გაუჩნდა, იგი საქართველოდან [ჯერ აშშ-ში], შემდეგ კი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი მეგობარი და ყოფილი კოლეგა ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მაგრამ საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილი თავისი მეგობრის მტრად იქცა, კრიტიკა დაუწყო და მისი გადადგომა მოითხოვა. ექს-პრეზიდენტმა შექმნა ოპოზიციური პარტიაც.
საბოლოოდ იგი უკრაინიდანაც გააძევეს და მას დღეს ოფიციალურად არც საქართველოს და არც უკრაინის მოქალაქეობა არ აქვს.
როგორც სტატიაში ხაზგასმული, „თუ მიხეილ სააკაშვილს საერთოდ საქართველოში დაბრუნების უფლებს მისცემენ, ძალიან საეჭვოა, რომ მან ლაზიკის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას უხელმძღვანელოს - ის ხომ სეპარატისტული აფხაზეთის გვერდით მდებარეობს“.