გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ახალციხეში 39 სკოლიდან 24 შეშის ღუმელით თბება

6-12-2018

ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. აქედან 15–ში ცენტრალური გათბობაა, თუმცა მათი ნაწილი ცენტრალური გათბობისთვის შეშას იყენებს.

 

ახალციხის მესამე საჯარო სკოლა ერთ–ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც კლასებში ჯერ კიდევ შეშის ღუმელები დგას. სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვა ამბობს, რომ სკოლის გაზიფიცირება მომავალი წლიდან დაიწყება: „აქამდეც გვექნებოდა გაზი სკოლაში უბრალოდ, ელექტროგაყვანილობების პრობლემა იყო, სხვანაირად გაზს ვერ გავუშვებდით, ახლა ეს პრობლემა გვარდება და ცოტახანში გაზით გათბობაზე გადავალთ“.

 

აკოპოვა ამბობს, რომ გაზით გათბობა სკოლას უფრო ძვირი დაუჯდება, „მაგრამ აქამდე სპორტდარბაზს, ან სკოლის დერეფნებს ვერ ვათბობდით და გაზით გავათბობთ, თან გაზით გათბობა უფრო ცივილიზებულია“.

 

ქალაქში შეშით კიდევ ერთი, კერძო სკოლა „მზექა“ თბება. დირექტორი ბელა კაპანაძე ამბობს, რომ სკოლის გაზიფიცირება სურს, თუმცა იმის გამო, რომ შენობა სკოლის კუთვნილება არ არის, ეს ვერ ხერხდება: „ნაქირავები მაქვს შენობა და არ მრთავს მისი მესაკუთრე ნებას, რომ გაზი შევიყვანო. თან მგონია, რომ გამათბობლების დამონტაჟებაც ძვირი დამიჯდება. ახლა, ზამთრის სეზონზე შეშით მომარაგება და დაბინავება 5 000 ლარამდე მიჯდება“.

 

შეშის ღუმელებით თბება მუნიციპალიტეტის 22 სოფლის სკოლაც. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ხათუნა ხმალაძის განმარტებით სკოლების გაზით გათბობაზე გადასვლა ეტაპობრივად მას შემდეგ დაიწყება, რაც სოფლები გაზიფიცირდება: „სკოლების შეშით მომარაგება გაზაფხულიდან იწყება და ახლა ყველა მათგანი მომარაგებულია“.

 

ცენტრალური გათბობა გაზზე სულ ექვს სკოლაშია. რვა სკოლაში კი ცენტრალური გათბობა შეშაზეა მოწყობილი, მათ შორისაა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა, სოფლების – ანის, კლდის, მინაძის, მუსხის, ჭვინთისა და პატარა პამაჯის სკოლები.

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში 45 დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ 13–ია გაზიფიცირებული. 32 სოფელში კი ჯერ გაზი შეყვანილი არ არის, თუმცა მათ ნაწილში სამუშაოები უკვე დაწყებულია. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება ეტაპობრივად განხორციელდება.


sknews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930