გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახუშტი მენაბდე: 10 დღის შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება

6-12-2018

ექსპერტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პარლამენტის ახალი რეგლამენტის დამტკიცების შედეგად, 10 დღის შემდეგ უმაღლესი ორგანოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება.

 

აღნიშნული განცხადება მან საკთარ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა.

 

“პარლამენტმა სულ რამდენიმე წუთია მესამე მოსმენით დაამტკიცა ახალი რეგლამენტი. 10 დღის შემდეგ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ამით დასრულდა რეფორმის დაახლოებით ერთწლიანი პროცესი. ამ პერიოდში ბევრი მოსაზრება ითქვა, ბევრი არგუმენტი გაიცვალა, ბევრი პოზიცია მოისინჯა და ბევრი სიტყვაც დაიხარჯა.

 

ამ ყველაფრის მერე ერთი რამ ცხადია, დეპუტატებს უკეთესი დოკუმენტით შეეძლებათ მუშაობა. აქვე აღსანიშნავია თამარ ჩუგოშვილის (და მისი გუნდის) უდიდესი ძალისხმევა, რომელიც ამ პროცესს ედგა სათავეში. მასთან თანამშრომლობაც და ოპონირებაც ყოველთვის საინტერესოა. მას, როგორც პროცესის წარმმართველს ღიაობისა და შესაძლებლობების მოცემისათვის მინდა მადლობა ვუთხრა.

 

ყველა შენიშვნა, ცხადია, საბოლოო დოკუმენტში ვერ აისახებოდა (თუმცა ბევრი გაითვალისწინეს). ზოგიერთზე უარი მესმის კიდევ (მაგ. თანამდებობის შემცირება ამ მოწვევის პარლამენტში, უმცირესობისა და უმრავლესობის გაუქმებაზე უარი და ა.შ.). თუმცა რამდენიმე ინსტიტუტთან დაკავშირებით მე ისევ ძველ აზრზე ვრჩები და არ ვიცი რატომ არ ვიყავით უფრო თამამები - რატომ არ არის რეგლამენტი მეტად ორიენტირებული ინდივიდუალ დეპუტატებს; რატომ არ არიან ვალდებულები მინისტრები ყოველ სასესიო კვირაში მოვიდნენ პარლამენტში და უპასუხონ კითხვებს; რატომ აქვს უმრავლესობას საგამოძიებო კომისიის მუშაობის ბლოკირების შესაძლებლობა; რატომ იზღუდება საპარლამენტო სუვერენიტეტი - არ შეუძლია პოლიტიკური მოთხოვნა წაუყენოს პრემიერს და რომელიმე მინისტრის გადაყენება მოსთხოვოს და ა.შ.

 

ისიც ვიცით, რომ 2020 წლამდე რეგლამენტში ცვლილებების კიდევ ერთი ეტაპი გველის წინ. ვიმედოვნებ, რომ სწორედ მაშინ შევავსებთ ამ დანაკლისებს, რის შემდეგაც მე-10 მოწვევის პარლამენტის სტრუქტურა და სამუშაო მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი იქნება,” - წერს ვახუშტი მენაბდე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31