6-12-2018
თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის გამო 5 დეკემბერს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ორი კაფე"ანტრე" და „ლეგატო“ 500-500 ლარით დააჯარიმეს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, დარღვევები ძირითადად იქ ფიქსირდება, სადაც ზაფხულში ღია სივრცე იყო, ზამთარში კი ცელოფნით და შუშით შეფუთეს. ალიანსის ცნობით, ამ ტიპის დაწესებულებების ზოგიერთი მეპატრონე გაფრთხილების მიუხედავად კანონს არ იცავს. თამბაქოს კონტროლის ალიანსში ფიქრობენ, რომ დაწესებულებების მეპატრონეების მხრიდან დახურულ სივრცეში მოწევის წამახალისებლად აღიქმება მაგიდებზე სტუმრებისთვის განკუთვნილი საფერფლეების არსებობა.
თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველი მაისიდან დაიწყო. მოწევა იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. მოწევა დასაშვებია შენობაში, ან ვერანდაზე, რომელიც შესაძლოა გადახურულია, მაგრამ კედლების 50%-ზე მეტი ღია აქვს.
იმ სამასპინძლო დაწესებულებების უმრავლესობამ, რომელთაც სტუმრების მისაღები გარე, ღია, მაგრამ გადახურული სივრცეები აქვთ, გარე გამათბობელები დაამონტაჟა. სადაც გამათბობელები არ აქვთ, სივრცე ცელოფნებით ან მექანიკური შუშით შეფუთეს. ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანში ღია სივრცის პრინციპით მოქმედებენ.
თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სამსახურმა ღამის რეიდები დაიწყო, რის შედეგადაც შეეცდება დამრღვევი "ლაუნჯი ბარები", ღამის კლუბები და სხვა ამ ტიპის დაწესებულებები გამოავლინოს.
მონიტორინგი ასევე გამკაცრდა საჯარო დაწესებულებებში, სადაც სამწუხაროდ, ზოგიერთი საჯარო მოხელისგან დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები ფიქსირდება.
დახურულ სივრცეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარით, ყოველ განმეორებით შემთხვევაზე კი, 1000 ლარით ჯარიმდება.
დაწესებულებას აჯარიმებს საპატრულო პოლიცია, რომელიც თამბაქოს კონტროლის აღმასრულებელია.
16-11-2024
16-11-2024