გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო საფრანგეთისგან ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვას გააგრძელებს

8-12-2018

საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადის. საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გრძელდება. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს მოეწერა. ლევან იზორიას განცხადებით, კონტრაქტში გაწერილი მიმართულებებით მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირება.


„ეს მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას საჰაერო თავდაცვის კომპონენტში, რაც არის მნიშვნელოვანი გარანტია ჩვენი საჰაერო სივრცის დაცულობისა და ამით საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობისა“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რის შემდეგაც კოლეგებმა - ლევან იზორიამ და ფლორანს პარლიმ საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესახებ ტექნიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ლევან იზორიას თქმით, საქართველო კვლავაც ერთგული რჩება იმ წვლილის, რომელიც მას ევროკავშირთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით შეაქვს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031