გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტამბოლში წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატებიდან ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

8-12-2018

სტამბოლში, ნაზიმ ჰიკმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატებიდან ემიგრაციაში,, პრეზენტაცია გაიმართა.


საღამო მისასალმებელი სიტყვით სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფეჰმი უზალმა გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.


საღამოზე მოწვეული იყვნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრებ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლები. საღამოს ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია.


წიგნი დაწერილია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ბიოგრაფიებს. წიგნში ნაჩვენებია აფხაზ არისტოკრატთა და სწავლულთა სოციალური და კულტურული როლი საქართველოსა და მისი ერთ-ერთი მხარის – აფხაზეთის ყოფაში, ემიგრაციაში მყოფი აფხაზი არისტოკრატიის დიდი ნაწილის ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერება, მათი მცდელობა ქართველ ემიგრანტებთან ერთად წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ეკა ირემაძე-მელაშვილმა (ჰაჯერ ოზკან).


ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზი არისტოკრატების და მათი ოჯახების ფოტოები. გაიმართა ფილმიდან ,,უფროსობის გმირი,, ნაწყვეტის ჩვენება. ფილმი აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.


ღონისძიების ბოლოს სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის „იბერია“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამოს დასასრულს სიტყვით გამოვიდა წიგნის ავტორი ნატო მარშანია, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31