9-12-2018
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, „Financial Times“-ი სტატიას აქვეყნებს, რომლის ავტორი საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
სტატიაში, გადმოცემულია სალომე ზურაბიშვილის ხედვა და პოზიციები საქართველოს პერსპექტივების შესახებ, მისი გეგმები და საქმიანობის პრინციპები სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე.
„ერთი საუკუნის შემდეგ, როგორც იქნა, ვხედავ, რომ ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა – 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პირველ ქალ-პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის მარწუხებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე იწყება სტატია, რომელშიც ავტორი, საქართველოს უახლესი ისტორიის ფონზე, თავისი ოჯახის ბიოგრაფიის მომენტებსაც იხსენებს: „საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო 1918 წელს გახდა, თავისუფალი საზოგადოება სხვა მეზობლებზე უფრო ადრე შექმნა, მაგრამ ჩვენი დემოკრატიული პერიოდი სამი წლის შემდეგ დასრულდა - წითელია არმიის თავდასხმის შედეგად. ჩემი ოჯახი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული და იმედი, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიული გახდებოდა. ამ იმედს მეც გულში ვატარებდი. საფრანგეთში დავიბადე და გავიზარდე, ცოდნაც ჯერ იქვე მივიღე, შემდეგ კი აშშ-ში და საბოლოოდ ფრანგი დიპლომატი გავხდი. ამასტან, მუდამ თანმიმდევრულად გამოვდიოდი საქართველოს ინტერესების დასაცავად.
იმ დროსაც კი, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლქვეშ იყო, ჩემი სამშობლო მაინც დემოკრატიისა და თავისუფლების იმედის შუქურად რჩებოდა. 1991 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო იყო კავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. და ახლაც საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ქალი-პრეზიდენტი ჰყავს“, - წერს ავტორი.
„არჩევნებში ჩემს გამარჯვებას ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებად ვაფასებ. საქართველო კავკასიაში დემოკრატიის დასაყრდენი და ევროპისა და აშშ-ის ერთგული სამხედრო მოკავშირეა. თუმცა, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი, ეს 2008 წლიდან ასეა. ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა, რათა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დიპლომატიური გზით აღვადგინოთ“, – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.
„მე დიპლომატი 1970-იან წლებში, „ცივი ომის“ პერიოდში გავხდი და ვხედავ, რომ იგივე ბრძოლა ახლაც გრძელდება. კონფრონტაციული რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და შუღლს თესავს“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
„ევროპული ფესვების მქონე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის რანგში განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციური ზეგავლენისგან. მე ვიბრძოლებ დემოკრატიისთვის და შევეცდები, გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს“, – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ფიცის დადების შემდეგ, შეეცდება, გააერთიანოს ქვეყანა და დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა ისე, როგორც ამას საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოითხოვს. „მე პირობას ვდებ, რომ ვიქნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის გარანტორი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო ავტორიტარულ მმართველად იქცა. მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ძალაუფლებას, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ახლადარჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ქართველების დიდი უმრავლესობა პროდასავლურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი პარტიულ პოლიტიკას სცდება“, – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი. იგი ასევე პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება. ზურაბიშვილის თქმით, გააკეთებს მეტს, რათა უცხო ქვეყნებში განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდნენ და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ.
„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, პროგრესული დასავლური ღირებულებებით. ჩვენ ვიქნებით მისაბაძი მაგალითი, შუქურა რეგიონული მეზობლებისთვის. ჩვენ შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს აქვთ სახლი კავკასიაში. აირჩია რა პრეზიდენტად ქალი, საქართველომ ხმა მისცა დემოკრატიას, ტოლერანტობას და სტაბილურობას. საქართველოს შეუძლია იყოს ევროპის ლიბერალური იმედი“, – ნათქვამია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სტატიაში.