გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა არის სწორედ ის კურსი, რომელიც ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა

9-12-2018

„ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში, განსაკუთრებული როლი შეასრულა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.


სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ზურაბ ჟვანიას მიერ სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განვითარების საქმეში გაწეული ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ისაუბრა.


“სწორედ ბატონი ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვითარდება ჩვენი პარლამენტარიზმი. ვითარდება ჩვენი პოზიციები, ძლიერდება საგარეო და კულტურული მიმართულებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უკავშირდება, ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა.


„გვაქვს ძალიან მკაფიოდ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან. ჩვენი ამოცანა გახლავთ ინტეგრაცია დასავლურ სივრცესთან და ეს არის სწორედ ის კურსი, რომელიც ჩამოყალიბდა იმ დროს, როდესაც მოღვაწეობდა ბატონი ზურაბ ჟვანია. ბატონი ზურაბის როლი ამ ყველაფერში არის ნამდვილად ფასდაუდებელი”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, ზურაბ ჟვანია გამორჩეული პიროვნება და პოლიტიკოსი იყო.


“ მქონდა პატივი, ვიცნობდი ბატონ ზურაბ ჟვანიას და მინდა გავიხსენო, რომ იგი პირველივე ნახვისას განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე. მას ჰქონდა ამის გამორჩეული უნარი. იყო გამორჩეული როგორც პოლიტიკოსი. მას ჰყავდა გამორჩეული ოჯახი და მინდა განსაკუთრებით მივესალმო ქალბატონ ნინოს, ბატონი ზურაბის ოჯახის წევრებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ზურაბ ჟვანიას მიერ სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილ წვლილზე და განაცხადა, რომ ამ საქმეს გაგრძელება სჭირდება.


„ეს არის ის საქმე, რომლის სათავეებთან იდგა ბატონი ზურაბი. ამ საქმეს სჭირდება გაგრძელება, ამ საქმეს სჭირდება ბოლომდე მიყვანა და ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ ჟვანიას მის მიერ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.


მონაწილეებს, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძე, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა მიმართეს.


ღონისძიება სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930