გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის ბიუჯეტის 74% მეწარმეთა ნაცვლად, ბიუროკრატიაზე დაიხარჯა

10-12-2018

2015 წლის 4 მარტს დედაქალაქის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა ახალი უწყების - ა(ა)იპ „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნების ბრძანებას. ახლმა უწყებამ 17 თვის განმავლობაში იარსება, სანამ 2016 წლის 17 აგვისტოს ისევე დავით ნარმანიამ მისი ლიკვიდაციის ბრძანებას არ მოაწერა ხელი. არსებობის წელიწად ნახევრის განმავლობაში უწყებამ 1.6 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც 74.3% არა მეწარმეობის ხელშეწყობაზე, არამედ ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაიხარჯა.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერიას ამ უწყების შექმნის დროს მკაფიოდ უნდა განესაზღვრა მისი ფუნქცია-მოვალეობები და ბიუჯეტი გაეწერა ისე, რომ მისი საქმიანობის შედეგად რეალურად მომხდარიყო ბიზნესის მხარდაჭერა. აუდიტისი სამსახური პროგრამას არაეფექტიანს უწოდებს.


“ცენტრის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში მეწარმეობის განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა, ხოლო ამოცანებს: მეწარმეთა გადამზადება და მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება; ქ. თბილისში მოქმედი ან/და ასამოქმედებელი საწარმოების საექსპორტო (მათ შორის შემომყვანი ტურიზმის დარგში) პოტენციალის და რეალიზაციის მოცულობის გაზრდა; საწარმოთა მომსახურება მათი პოტენციალის ზრდის უზრუნველსაყოფად და ა.შ.


ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მოქმედების პერიოდში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 1 590.3 ათასი ლარით, მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯებმა 1 181.9 ათასი ლარი შეადგინა. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ ცენტრის მიერ მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით 2015 წელს გახარჯულია 408.4 ათასი ლარი, რაც მთლიანი თანხის 26%-ს შეადგენს. მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში ცენტრის მიერ დაფინანსებულია 2 დარგი, კერძოდ, „შემომყვანი ტურიზმი“ – 307.7 ათასი ლარი გახარჯულია რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უკრაინის ტურ-ოპერატორების მიღებაზე (თანხები ძირითადად გახარჯულია სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაზე) და „სახალხო რეწვა“ – 100.7 ათასი ლარი გახარჯულია გამოფენების მოწყობაზე და სხვა ღონისძიებებზე.


ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ლიკვიდირებული იქნა დაფუძნებიდან 17 თვეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ა(ა)იპ-ის შექმნისას არ იყო შემუშავებული, გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა,”- წერია აუდიტის ანგარიშში.


აუდიტის სამსახური მერიას მოუწოდებს კარგად შეისწავლოს აღნიშნული პროგრამა და მისი წარუმატებელი შედეგებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, რათა “არ დაუშვას მომავალში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც შესაბამისობაში არ იქნება მუნიციპალიტეტის გრძელვადიან სტრატეგიასა და სამოქმედო მიზნებთან."





bm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930