10-12-2018
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის III კვარტალში 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.
ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება.
მიმდინარე წლის III კვარტალში რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 40.4 პროცენტი შეადგინა.
2018 წლის III კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა ნიდერლანდი - 15.4 პროცენტით, მეორე ადგილზეა კორეა - 12.5 პროცენტით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 10.3 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) მიმდიანრე წლის III კვარტალში 48.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა და 56.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 54.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 46.3 მლნ. აშშ დოლარით.