10-12-2018
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტელარხის ZIK-ის ეთერში გავიდა თავის პროგრამით - „ჯოკერები. პრეზიდენტობის კანდიდატები“. პირველი გადაცემა მან იულია ტიმოშენკოს მიუძღვნა, თუმცა პარტია „ბატკივშინის“ ლიდერი მაინცდამაინც დადებითად ვერ იყო წარმოჩენილი. რადგან პროგრამის გამოშვებამ უკრაინის სოციალურ ქსელებში მძაფრი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა თავი გაიმართლა და განაცხადა, რომ პროგრამა სხვაგვარი უნდა ყოფილიყო, ტელეარხმა ZIK-მა ყველაფერი დაამონტაჟა და ჩემი სახელი პროპაგანდისათვის გამოიყენაო.
„თავდაპირველად შემომთავაზეს ციკლი გამეკეთებინა, რომელშიც ვრცლად იქნებოდა განხილული პრეზიდენტობის კანდიდატთა ყველა მინუს-პლუსი, მაგრამ ვიდეოკადრების თანმიმდევრობა და კადრსმიღმა ტექსტის ვერსია, რომელიც ეთერში გავიდა, სრულებით არ შეესაბამება არც გადაცემების ციკლის საწყის იდეას და არც ჩემს თავლსაზრისს კანდიდატის შესახებ. ეს უფრო პრეზიდენტობის კანდიდატის ცალმხრივ და არადაბალანსებულ გაშუქებას ჰგავს, ვიდრე დადებითი და უარყოფითი მხარეების ობიექტურ განხილვას“, - აღშფოთებას ვერ მალავს მიხო, - ჩემთან ZIK-ის გადამღები ჯგუფი აგვისტოში იყო ჩამოსული, როცა მე ავსტრიაში ვიყავი და ვთქვით, რომ გადაცემები მხოლოდ ობიექტური იქნებოდა თითოეული კანდიდატის მიმართ“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი გაბრაზებულია და ითხოვს, რომ პროგრამა საერთოდ მოიხსნას ეთერიდან: „იმის გამო, რომ მოსახლეობა მე ამ გადაცემის ციკლის თანაავტორად მიცნობს, მოვითხოვ ტელეარხმა ZIK-მა საერთოდ მოხსნას ეთერიდან პროგრამა ან ისე გააკეთოს, რომ მასში ჩემი მონაწილეობა გამოირიცხოს. არავის უფლებას არ მივცემ ჩემი სახელი პროპაგანდისტული მანიპულაციების მიზნით გამოიყენოს. ასევე მოვითხოვ, რომ ტელეარხმა შეწყვიტოს ტელეპროექტის იმ სახით რეკლამირება, რომ ხალხს არ შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მე მისი ავტორი ვარ“, - ცხარობს მიხეილ სააკაშვილი.
ტელეარხ ZIK-ის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.
«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა)
ავტ: დენის გლუხოვი
იბეჭდება მცირე შემოკლებით